გაათავისუფლებენ თუ არა გიორგი ოქროპირიძეს სასამართლო დარბაზიდან, დღეს გაირკვევა
თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ოქროპირიძის აღმკვეთი ღონისძიების გაუქმების თაობაზე იმსჯელებს. პროცესი დღეს, 15:00 საათისთვისაა ჩანიშნული და საქმეს მოსამართლე ხათუნა ხარჩილავა იხილავს.
როგორც „კვირას“ გიორგი ოქროპირიძის ადვოკატმა მათე ხარჭამაძემ განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფის გათავისუფლების იმედი აქვს. მისივე თქმით, ოქროპირიძემ 9-თვიან წინასწარ პატიმრობას 3 თვით გადაამეტა, ამიტომაც, როგორც ადვოკატი ამბობს, აღნიშნული კანონის უგულებელყოფა არ შეიძლება.
„სასამართლომ მხოლოდ ერთადერთი და სწორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და გათავისუფლდეს გიორგი ოქროპირიძე. მე ეჭვი არ მეპარება, რომ სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, თუ რამე სხვა ფორმით ზემოქმედება არ განახორციელა ბრალდების მხარემ, თუმცა საქალაქო სასამართლოში კიდევ არიან შემორჩენილნი ღირსეული მოსამართლეები. ხათუნა ხარჩილავა არის ბრწყინვალე მოსამართლე“,- განაცხადა მათე ხარჭამაძემ.
გიორგი ოქროპირიძე ბრალდებულია აბაშიძის ქუჩაზე 25 წლის ლაშა მახარაძის მკვლელობაში. მის მიმართ ბრალდების საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა ერთხელ უკვე იმსჯელეს, თუმცა, 9-თვიანი ვადის ამოწურვის პარალელურად, მათ ვერდიქტი ვერ გამოიტანეს. ვადის ამოწურვის დროს კი გიორგი ოქროპირიძეს ახალი ბრალი წარედგინა, ცრუ დასმენისა და ცრუ ჩვენების მიცემის საქმეზე, რაზეც მას კვლავ პატიმრობა განესაზღვრა.