საკონსტიტუციო სასამართლომ გიგი უგულავას სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა
საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე “გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ” გადაწყვეტილება გამოაცხადა. სასამართლომ მოსარჩელე მხარის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, გიორგი პაპუაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. პროცესს პლენუმის 8 წევრი ესწრებოდა. მოსამართლე მერაბ ტურავა სხდომაზე არ გამოცხადდა.
„სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულის პატიმრობას, თუ ამ საქმეზე ბრალის წაყენების ან ბრალის წაყენებისთვის საკმარისი საფუძვლის გამოვლენის შემდეგ მას პატიმრობაში ერთობლივად გატარებული აქვს 9 თვე მის მიმართ მიმდინარე ნებისმიერი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში”, – აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
შეგახსენებთ, რომ თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას სარჩელზე, რომელიც პატიმრობის 9 თვიან ვადას ეხება, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება გუშინ, 17:00 საათზე უნდა გამოეცხადებინა.
მოსამართლე მერაბ ტურავას გამოუცხადებლობის გამო, საკონსტიტუციო სასამართლომ გუშინ გადაწყვეტილების გამოცხადება ვერ შეძლო. სასამართლოს ამისთვის მერაბ ტურავას ხელმოწერა ესაჭიროებოდა.