ადვოკატი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ე.წ. კანონიერი ქურდის სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლებას ითხოვს

ადვოკატი მერაბ ჩიქოვანი მისი დაცვის ქვეშ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდის ტარიელ ფოცხვერიას სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლებას ითხოვს. როგორც ადვოკატმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, პატიმარი მძიმე სენით – კიბოთია დაავადებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება.
ადვოკატმა 3 სექტემბერს ფოცხვერიას საკითხთან დაკავშირებით სასჯელაღსრულებისა და ჯანდაცვის სამინისტროს მუდმივმოქმედ ერთობლივ კომისიას მიმართა, თუმცა, მისი თქმით, კომისიის მხრიდან არანაირი რეაგირება არ მომხდარა.
„ კომისიის მხრიდან დღემდე რაიმე სახის რეაგირება არ მომხდარა. კომისიამ ყველა დაწესებული ვადა დაარღვია. ჩვენ დაკავშირებასაც ვერ ვახერხებთ კომისიასთან, რომ გავიგოთ, რა სტადიაშია განცხადება და როდის მოხდება მისი განხილვა.
ჩვენ, ტარიელ ფოცხვერიას ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლებას ვითხოვთ. სამედიცინო კუთხით დოკუმენტურად დადასტურებულია მისი უმიმესი მდგომარეობა. ადამიანი პრაქტიკულად მომაკვდავია“, – აღნიშნა მერაბ ჩიქოვანმა.
აღნიშნულ საკითხში დახმარების თხოვნით ფოცხვერიას ადვოკატმა არასამთავრობო ორგანიზაციებს და სახალხო დამცველის აპარატსაც მიმართა.
რაც შეეხება ბრალდებას სასამართლომ ტარიელ ფოცხვერია 223 პრიმა მუხლით (ე.წ. კანონიერი ქურდობის ბრალდებით) გაასამართლა, დამნაშავედ ცნო და რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ადვოკატის განცხადებით, ფოცხვერიას საქმე მთლიანად შეთითხნილია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები