კახეთში ქმარმა ცოლი მოკლა – შსს მომხდართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს (ვიდეო)
შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და ყვარლის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1963 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი შალვა ს. ოჯახში მომხდარი განზრახ მკვლელობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.
სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფელში, ურთიერთშელაპარაკებისას, მეუღლეს – 1965 წელს დაბადებულ ლალი თ-ს ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და მიიმალა. დაჭრილი ქალბატონი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, შალვა ს. მომხდარიდან რამდენიმე წუთში, სოფელ ახალსოფლის ავტოსადგურში იმ დროს დააკავეს, როდესაც ის მიმალვას ცდილობდა.
დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება ოჯახში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 11პრიმა-108-ე მუხლით).