გიგი უგულავას დაცვის მხარეს მოსამართლემ დასკვნითი სიტყვის ბოლო ნაწილის წარსადგენად ერთკვირიანი ვადა განუსაზღვრა
დედაქალაქის ყოფილი მერის გიგი უგულავას დაცვის მხარეს მოსამართლე დასკვნითი სიტყვის ბოლო ნაწილის სასამართლოში წარსადგენად საბოლოო ერთკვირიანი ვადა განუსაზღვრა.
მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ გამოაცხადა, რაც გიგი უგულავას სახაზინო ადვოკატმა სასამართლოში ბრალდებულის წერილი გაასაჯაროვა.
კერძოდ, ადვოკატი ზაქრო გვიშიანი მოსამართლის მიერ განსაზღვრული 4 საათის ვადაში, ე.წ. მატროსოვის ციხეში უგულავასთან იმყოფებოდა, საიდანაც მან სასამართლოში დედაქალაქის ყოფილი მერის წერილი წარმოადგინა.
გიგი უგულავას წერილში ასახული იყო მისი პოზიცია გიორგი კონდახიშვილის აცილებასთან დაკავშირებით და ამის შემდეგ მოსამართლემ გამოაცხადა მისი გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც კონდახიშვილი აცილებული იქნება უგულავას დაცვისგან. მოსამართლემ განმარტა, რომ ეს არის ბოლო ვადა და 17 სექტემბერს ჩანიშნულ სასამართლო სხდომაზე იგი მოისმენს დაცვის მხარის დაცვითი სიტყვის ბოლო ნაწილს, ასევე სასამართლო იმავე პროცესზე გადავა რეპლიკის ეტაპზე. ამის შემდეგ კი გიგი უგულავამ საბოლოო სიტყვა უნდა წარმოთქვას.
პროცესის გადადების შემდეგ უგულავას ადვოკატმა ზაქრო გვიშიანმა განაცხადა, რომ მომდევნო პროცესზე, რომელიც 17 სექტემბერს ჩაინიშნა, დაცვის მხარე დასკვნითი სიტყვის წარმოსადგენად მზად იქნება.
კონდახიშვილის დაცვის პირობებში, უგულავასა და კეზერაშვილის წინააღმდეგ რიყის ტერიტორიისა და ტელეკომპანია “იმედის“ გასხვისების საქმეზე, უგულავას ყოფილმა დამცველმა კონდახიშვილმა რამდენიმე ეპიზოდზე დასკვნითი სიტყვა წარმოადგინა, ამის შემდეგ კი სასამართლო სხდომეზე აღარ გამოცხადებულა, რის შემდეგაც უგულავას სახაზინო ადვოკატი დაენიშნა.