პროკურორი: გიორგი კონდახიშვილის მიერ სასამართლოში წარდგენილი განცხადება საპროცესო ნორმების დარღვევით არის შეტანილი

გიორგი კონდახიშვილის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი განცხადება, სადაც ის აცილებას ითხოვს, ყოველგვარი საპროცესო ნორმების დარღვევით არის შეტანილი, – ამის შესახებ “იმედისა” და რიყის ტერიტორიის გასხვისების საქმის პროკურორმა გიგა ძნელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ძნელაძის თქმით, დაცვის მხარის ქმედებები ყოველგვარ ზღვარს სცილდება. როგორც პროკურორმა აღნიშნა, დღეს სასამართლომაც დააფიქსირა პოზიცია, რომ უგულავას დაცვის მხარე პროცესების შეგნებულ გაჭიანურებას ცდილობს.
პროკურორის თქმით, მედიას შეუძლია გაარკვიოს, სად იმყოფებოდა გიორგი კონდახიშვილი, რომელიც წინა პროცესზე იმ მოტივით არ გამოცხადდა, რომ იგი ბათუმში დაკრძალვაზე მიდიოდა.
“რამდენად კეთილსინდისიერია გიორგი კონდახიშვილი, ამას ვნახავთ, თუკი მასმედიის საშუალებებს შევავლებთ თვალს. ვნახავთ დაკრძალვის ნაცვლად სად ატარებდა იგი დროს. ეს მისი უფლებაა, ამაში ბრალდება მას არ ედავება”, – განაცხადა გიგა ძნელაძემ.
გიორგი კონდახიშვილი 9 სექტემბრის პროცესზე იმ მოტივით არ გამოცხადდა, რომ 10 სექტემბერს ბათუმში დაკრძალვაზე უნდა ყოფილიყო.
გიგი უგულავას სახაზინო ადვოკატს ზაქრო გვიშიანს დასკვნითი სიტყვის წარმოსადგენად ვადა დღეს 18.00 საათამდე განესაზღვრა. თუკი ადვოკატი დასკვნით სიტყვას არ წარმოადგენს, მოსამართლის გადაწყვეტილებით, სასამართლო სხვა ეტაპზე გადავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები