შსს-მ ბათუმში ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავა
შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული, ამჟამად გირაოს ქვეშ მყოფი ბადრი ი. 8 სექტემბერს ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე, პირადი მოხმარებისათვის ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით უკანონო შეძენა-შენახვის და დიდი ოდენობით ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
პოლიციის თანამშრომლებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 1 შეკვრად დაფასოებული, 1,8372 გრ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება და 1 შეკვრად დაფასოებული 4,022 გრ გამომშრალი მარიხუანა ამოიღეს. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება დიდი ოდენობით ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის და პირადი მოხმარებისათვის ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 273-ე მუხლით).