კახა მამულაშვილის პირველი კომენტარი გათავისუფლების შემდეგ – ლელა წურწუმიას უკეთესი “მამულიჩა” ეკუთვნის – ვიდეო
ჩემი ნარკოტიკი არის ჩემი მეგობრები, ოჯახი და ლელა წურწუმია, რომელსაც უკეთესი ”მამულიჩა” ეკუთვნის, – ამის შესახებ პროდიუსერმა კახა მამულაშვილმა გათავისუფლების შემდეგ სასამართლოსთან განაცხადა, სადაც გარკვეულ დოკუმენტზე ხელის მოწერის მიზნით ადვოკატთან ერთად მივიდა.
“საზოგადოებისთვის საშიში აღარ ხარო – მითხრეს და გირაოთი გამომიშვეს. ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ ჩემი ნარკოტიკი არის ჩემი მეგობრები, ჩემი ოჯახი და ყველაზე მთავარი – ლელა წურწუმია, რომელსაც უკეთესი მამულიჩა ეკუთვნის”, – განაცხადა კახა მამულაშვილმა.
ნარკოდანაშაულში ბრალდებული პროდიუსერი კახა მამულაშვილი, იგივე “მამულიჩა” სასამართლო დარბაზიდან დღეს გაათავისუფლეს. კახა მამულაშვილს პატიმრობა 15 ათასლარიანი გირაოთი შეეცვალა.
შეგახსენებთ, რომ კახა მამულაშვილი სამართალდამცავებმა 18 ივლისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკის დროს ხელბარგიდან და პირადი საფულიდან სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს, კერძოდ, საქმეზე ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებებია: 5.591 გრ კოკაინი, 1,15 გრ კანაფის ფისი და მდმ ე.წ. ექსტაზი 0,2048 გრ. გამოძიება ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით).