კახა მამულაშვილს პასპორტი და პირადობის მოწმობა ჩამოართვეს
ნარკოდანაშაულში ბრალდებულ კახა მამულაშვილს, იგივე ”მამულიჩას”, რომელიც მოსამართლემ 15 ათასი ლარის სანაცვლოდ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა, პასპორტი და პირადობის მოწმობა ჩამოართვეს. როგორც „კვირას“ საქართველოს მთავარი პროკურატურის პრესსამსახურიდან აცნობეს, „მამულიჩას“ ათ დღეში ერთხელ სამართალდამცავ ორგანოებში გამოცხადების ვალდებულება დაეკისრა. მორიგი სასამართლო პროცესი 23 სექტემბერს არის ჩანიშნული
„დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ შუამდგომლობით მიმართა მოსამართლეს და აღკვეთი ღონისძიების პატიმრობის გირაოთი შეცვლა მოითხოვა.
სასამართლომ დააკმაყოფილა და ბრალდებულ კახა მამულაშვილის ადვოკატის შუამდგომლობა და პატიმრობა 15000 ლარის ოდენობით გირაოთი შეუცვალა.
მამულაშვილს დამატებითი ღონისძიების სახედ დაევალა პასპორტის და პირადობის მოწმობის ჩაბარება, ასევე ათ დღეში ერთხელ სამართალდამცავ ორგანოებში გამოცხადების ვალდებულება.
ბრალდებული თავს დამნაშავედ ცნობს, აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და ეთანხმება პროკურატურის ბრალდებას“, – განუცხადეს „კვირას“ პროკურატურაში.
შეგახსენებთ, რომ კახა მამულაშვილი სამართალდამცავებმა 18 ივლისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკის დროს ხელბარგიდან და პირადი საფულიდან სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს, კერძოდ, საქმეზე ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებებია: 5.591 გრ კოკაინი, 1,15 გრ კანაფის ფისი და მდმ ე.წ. ექსტაზი 0,2048 გრ.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით).