თავისუფლების სანაცვლოდ „მამულიჩას“ 15 ათასი ლარის გადახდა მოუწევს

ნარკოდანაშაულში ბრალდებული კახა მამულაშვილი, იგივე ”მამულიჩა”, მოსამართლემ სასამართლო დარბაზიდან 15 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა“, – ამის შესახებ „კვირას“ თბილისის საქალაქო სასამართლოდან აცნობეს.
დაცვის მხარემ მოსამართლე დავით კურტანიძეს კახა მამულაშვილისთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით მიმართა, რასაც ბრალდების მხარეც დაეთანხმა.
მოსამართლე კურტანიძემ ადვოკატის მოთხოვნა დააკმაყოფილა და გირაოს გადახდის ვადა ბრალდებულს 10 დღის ვადით განუსაზღვრა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ კახა მამულაშვილს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა 20 ივლისს შეუფარდა. სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში ადვოკატ ირმა ჭკადუას ხელმოწერით შევიდა.
„მამულიჩას“ ირმა ჭკადუასთან ერთად გიორგი ბეგიაშვილიც იცავდა. აღსანიშნავია, რომ თვე-ნახევრის განმავლობაში ბრალდებულის ადვოკატები მედიას არ ეკონტაქტებოდნენ. როგორც ისინი პირად საუბრებში ამბობდნენ, ეს ოჯახის მოთხოვნა იყო.
შეგახსენებთ, რომ კახა მამულაშვილი სამართალდამცავებმა 18 ივლისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკის დროს ხელბარგიდან და პირადი საფულიდან სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს, კერძოდ, საქმეზე ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებებია: 5.591 გრ კოკაინი, 1,15 გრ კანაფის ფისი და მდმ ე.წ. ექსტაზი 0,2048 გრ.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები