კახა მამულაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს
ნარკოდანაშაულში ბრალდებული კახა მამულაშვილი, იგივე ”მამულიჩა” სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. მედიისთვის ცნობილი იყო, რომ წინასასამართლო სხდომა ხვალისთვის უნდა გადადებულიყო, თუმცა სასამართლო პროცესი გაიმართა და მოსამართლემ მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.
როგორც „კვირას“ მამულაშვილის ადვოკატმა გიორგი ბეგიაშვილმა განუცხადა, მისი დასცვის ქვეშ მყოფს აღკვეთი ღონისძიება – პატიმრობა გირაოთი შეეცვალა, თუმცა მას თანხის ოდენობა არ დაუკონკრეტებია.
კახა მამულაშვილი სამართალდამცავებმა 18 ივლისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკის დროს ხელბარგიდან და პირადი საფულიდან ამოიღეს სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალებები, კერძოდ, საქმეზე ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებებია: 5.591 გრ კოკაინი, 1,15 გრ კანაფის ფისი და მდმ ე.წ. ექსტაზი 0,2048 გრ.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით).