მოსამართლემ გიგი უგულავას ადვოკატი, გიორგი კონდახიშვილი 500 ლარით დააჯარიმა
მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ გიგი უგულავას ადვოკატი, გიორგი კონდახიშვილი 500 ლარით დააჯარიმა. ამის მოტივი გახდა ის, რომ გიორგი კონდახიშვილი დღევანდელ პროცესზე არ გამოცხადდა და სასამართლოს გაუგზავნა განცხადება, რომლის მიხედვითაც, 10 სექტემბერს ბათუმში დაკრძალვაზე უნდა იყოს და ამ მოტივით დღეს ვერ გამოცხადდება სასამართლო პროცესზე.
მოსამართლემ ადვოკატის საქციელი არასაპატიოდ ჩათვალა და კონდახიშვილის ქმედება სასამართლოს მასხარად აგდებად შეაფასა.
მოსამართლემ ასევე აღნიშნა, რომ გიორგი კონდახიშვილის ქმედებების შესახებ ადვოკატმა ასოციაციის ეთიკის კომისიასაც ეცნობება, რადგან სახეზეა მოვალეობის არაკეთილსინდისიერად შესრულება.
“ეს არის არასერიოზული და უპასუხისმგებლო განცხადებები. 10 სექტემბერს თუ ბათუმში უნდა იყოს, 9-ში რატომ ვერ ახერხებს სასამართლო სხდომაზე გამოსვლას. ეს არის მასხარაობა და არასერიოზული დამოკიდებულება. მიმაჩნია, რომ დაცვის მხარის მიერ შეგნებულად ხდება პროცესების გაჭიანურება. ყველანაირი ხრიკებს მიმართავს დაცვის მხარე. მიმაჩნია, რომ ადვოკატის გამოუცხადებლობა არასაპატიოდ იქნას მიჩნეული სასამართლოს მიერ. ეს არის სასამართლოს მასხარად აგდება და არ ვაპირებ, ვინმეს მასხარად ავაგდებინო თავი. ეს საქციელი არასაპატიოდ იქნეს მიჩნეული და ადვოკატი დაჯარიმდეს 500 ლარით”, – განაცხადა მოსამართლემ.
ამასთან, მოსამართლემ განაცხადა, რომ გიგი უგულავას ადვოკატ გიორგი კონდახიშვილს, ასევე სახაზინო ადვოკატს, თუკი შემდეგი პროცესისთვის კვლავ მზად არ ექნებათ დასკვნითი სიტყვა, იგი ორივე მათგანს დააჯარიმებს.
შემდეგი პროცესი კი, გიგი უგულავას და დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ საქმეზე, რომელიც რიყის ტერიტორიის და “ტელეიმედის” გასხვისებას ეხება, 11 სექტემბერს, 13.30 საათზე ჩაინიშნა.