“მამულიჩას” წინასასამართლო სხდომა, რომელიც ხვალ იყო ჩანიშნული, ზეგ გაიმართება

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონო შემოტანის ფაქტზე ბრალდებული კახი მამულაშვილის („მამულიჩა“) საქმეზე წინასასამართლო სხდომა, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში 9 სექტემბერს, 13:00 საათზე უნდა გამართულიყო, 10 სექტემბერს გაიმართება, – ამის შესახებ „კვირას“ ბრალდებულის ერთ-ერთმა ადვოკატმა ირმა ჭკადუამ განუცხადა.
მისი თქმით, კახი მამულაშვილის („მამულიჩა“) საქმეზე წინასასამართლო სხდომა 10 სექტემბერს დღის მეორე ნახევარშია ჩანიშნული.
„ახლა ზუგდიდში ვარ და თბილისში ხვალ ჩამოვალ. ხვალინდელი პროცესი ზეგისთვის არის გადადებული. საბოლოო გადაწყვეტილებას, დავიცავ თუ არა კახა მამულაშვილის ინტერსებს, ხვალ, თბილისში ჩამოსვლის შემდეგ მივიღებ“, – განაცხადა „კვირასთან“ საუბრისას ირმა ჭკადუამ.

შეგახსენებთ, რომ მომღერალ ლელა წურწუმიას მეუღლე, პროდიუსერი კახი მამულაშვილი („მამულიჩა“) ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე 18 ივლისს დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკის დროს ხელბარგიდან და პირადი საფულიდან ამოიღეს სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალებები, კერძოდ საქმეზე ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებებია: 5.591 გრ კოკაინი, 1,15 გრ კანაფის ფისი და მდმ ე.წ. „ექსტაზი“ 0,2048 გრ.

ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად, მას ნარკოტიკული საშუალება კოკაინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. „მამულიჩას“ პატიმრობა მიმდინარე წლის 20 ივლისს შეეფარდა. მამულაშვილი წარდგენილ ბრალდებას სრულად აღიარებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები