თბილისის აეროპორტში IPHONE 6 -ის უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა “თბილისის აეროპორტში” 7 ცალი არადეკლარირებული მობილური ტელეფონი IPHONE 6 აღმოაჩინეს.
როგორც “კვირას” შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, აზერბაიჯანის მოქალაქე ვ. კ. საბაჟო- გამშვებ პუნქტზე “თბილისის აეროპორტი” მობილური ტელეფონების კანონდარღვევით შემოტანას შეეცადა.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მისი ხელბარგის ეჭვის საფუძველზე დათვალიერებისას შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა 7 ცალი არადეკლარირებული მობილური ტელეფონი “IPHONE 6” აღმოაჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 9 510 ლარი შეადგინა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, მგზავრს სანქციის სახით 9 510 ლარის ოდენობით ფულადი ჯარიმა შეეფარდა.