შსს-მ რუსთავში მომხდარი ქურდობის ფაქტი გახსნა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული საბა გ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა რუსთავში, დავით გარეჯის ქუჩაზე, ჯართის მიმღები პუნქტის ოფისიდან კომპიუტერის 2 პროცესორი, ხოლო ეზოდან ფერადი ლითონი მოიპარა. საბა გ-მ ნაქურდალი ნივთების ნაწილი ჯართის მიმღები პუნქტიდან მოშორებით, მიტოვებულ ადგილას გადამალა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა ერთი მოპარული პროცესორი თბილისში გაყიდა, ხოლო მეორე ლომბარდში ჩააბარა.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად, საბა გ. მომხდარიდან რამდენიმე დღეში, თავისი ნათესავის სახლში, გარდაბნის რაიონის სოფელ გამარჯვებაში დააკავეს. პოლიციამ ბრალდებულის მიერ გადამალული ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით).