სამართალდამცველებმა დაკარგული 14 წლის დავით ლურსმანაშვილი თბილისის ზღვაზე იპოვეს
რამდენიმე დღის წინ დაკარგული 14 წლის დავით ლურსმანაშვილი სამართალდამცველებმა თბილისის ზღვაზე იპოვეს. როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მოზარდი უვნებელია და იგი რუსთავში, უკვე მშობლებთან არის.
“29 აგვისტოს, რუსთავის საქალაქო სამმართველოში 14 წლის მოზარდის, დავით ლ-ს მშობლებისგან შევიდა შეტყობინება მათი შვილის დაკარგვის თაობაზე. პოლიციამ აღნიშნულ ფაქტზე ოპერატიულად მოახდინა რეაგირება, შეიქმნა სამძებრო საქმე უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის მიმართ. მთელი საქართველოს მასშტაბით დაიწყო სამძებრო ღონისძიებები, გამოიკითხა ყველა ის პირი, ვისაც კავშირი ჰქონდა დაკარგულ არასრულწლოვანთან.
სამართალდამცველებმა ჩატარებული სამძებრო ღონისძიებების შედეგად დაკარგული დავით ლ. დღეს თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს, რუსთავის საქალაქო სამმართველოში ჩაიყვანეს და ხელწერილის საფუძველზე მშობლებს უვნებლად ჩააბარეს”, – აღნიშნულია შს სამინისტროს განცხადებაში.