დიმიტრი ხუნდაძე: ბოლო წლებში საქართველოში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა გაიზარდა

ბოლო წლებში საქართველოში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა გაიზარდა, შემცირდა სიკვდილიანობის მაჩვენებელი,- ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძე საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. დეპუტატმა სოციალურ პროგამებთან დაკავშირებით ოპონენტების მიერ გამოთმულ კრიტიკასაც უპასუხა.
დაიწყო საშემოდგომო სესიები და პარალელურად დაიწყო წინასაარჩევნო სამზადისიც. ბუნებრივია, ყველა პოლიტიკური პარტია ცდილობს გამარჯვებას და ამისთვის იყენებს ყველანაირ საშუალებას. სწორედ ამ „ყველანაირ საშუალებაზე“ მსურს გავამახვილო ყურადღება. ნებისმიერი არჩევნების დროს სოციალური თემატიკა ყველაზე კარგად გამოსაყენებელი და მომგებიანია ნებისმიერი პოლიტიკური გუნდისთვის. მით უმეტეს ჩვენთან, საქართველოში, სადაც მოსახლეობის 12% სოციალურად დაუცველია. ეს პრობლემები დღეს არ დაწყებულა. უმუშევრობა, სიღარიბე და სოციალური უუფლებობა წლებია მძვინვარებს. ძალიან ძნელია მოკლე პერიოდში ვითარების შეცვლა. სამწუხაროდ, ამას გარკვეული დრო სჭირდება. ეს თითოეულმა ჩვენგანმა ვიცით, თუმცა მიუხედავად ამისა, გარკვეულ პოლიტიკურ ძალებს, რომელთა პასუხიმგებლობაზეც არის ჩვენი დღევანდელი სოციალური მდგომარეობა, ყოფნით გამბედაობა და ხმამაღლა საუბრობენ იმაზე, რაც გუშინ მათ ხელში იყო, მაგრამ არ გააკეთეს. კარგად ვიცით, მთელი აგვისტოს თვე ერთ თემაზე აპელირებდნენ – სოციალური სტატუსის მინიჭების არასტაბილურობაზე. ახალ პროექტს ხარვეზები ყოველთვის ახლავს. ჩვენ ეს ხარვეზები მაშინვე ვაღიარეთ და რაც მთავარია, გამოვასწორეთ. თუმცა იმ ადამიანების რისხვა ნამდვილად დავიმსახურეთ, რომელთა უმეტესობასაც არ ეკუთვნოდა სოციალურად დაუცველის სტატუსი, მაგრამ წინა ხელისუფლების მიერ მხოლოდ პოლიტიკური მოსაზრებების გამო ჰქონდათ მინიჭებული. ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროგრამა საყოველთაო ჯანდაცვაა, რომლითაც ხალხი აშკარად კმაყოფილია. ოპონენტები კი მის გარშემო ცრუ ინფორმაციების გავრცელებით ცდილობენ ეს დიდი პოზიტივი ნეგატივში წარმოაჩინონ. რა თქმა უნდა, საპენსიო თემასაც მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ, მიუხედავად იმისა, რომ კარგად იციან სამი წლის მანძილზე საპენსიო გასაცემლის 400 მილიონით გაზრდა რას ნიშნავს ბიუჯეტისთვის. სამი წლის მანძილზე ჩვენ უკვე 3-ჯერ გავზარდეთ პენსია (ჯამში 60 %-ით), ასევე 2016 წლიდან 20%-ით იზრდება მთის მოსახლეობის პენსიონერთათვის პენსია. ასევე მომდევნო წლიდან დაგეგმილია პენსიის ზრდა. მუშავდება საპენსიო რეფორმა. ბოლო წლებში, საქართველოში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა გაიზარდა. შემცირდა სიკვდილიანობის მაჩვენებელი. 10 000-ით გაზრდილია პენსიონერთა რაოდენობაც. ეს არის სწორედ იმ სამედიცინო სერვისების შედეგი, რასაც მოსახლეობა ხელისუფლებისგან იღებს. ბოლოს მსურს ყველა პოლიტიკოსს მივმართო: – საქართველო ჯერ კიდევ განვითარებადი ქვეყანაა, გაჭირვებულ ქვეყანაში გაჭირვებული ხალხის პოვნა ძნელი არ არის. ძნელია მათი მდგომარეობის გამოსასწორებლად სწორი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და მისი განხორციელება, რასაც არა ჩასაფრება, არამედ მუშაობა სჭირდება. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, ნუ გამოვიყენებთ მათ მდგომარეობას პოლიტიკური მიზნებისთვის! პირველ რიგში, სწორედ ეს ხალხი ელის ჩვენგან არა სიტყვიერ, არამედ საქმიან თანადგომას. თამამად ვაცხადებ, რომ ჩვენი ხელისუფლების სავიზიტო ბარათი ხალხთან წინასაარჩევნოდ, ჩვენ მიერ გაკეთებული არაერთი წარმატებული საქმე და სამომავლო გეგმა იქნება“, -განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები