ცხრა პრობაციონერი სოციალურ საწარმოში დასაქმდა

ცხრა პრობაციონერი სოციალურ საწარმოში დასაქმდა შიდა ქართლის პრობაციის ბიუროსა და „გორის სანერგე მეურნეობას” შორის თანამშრომლობის ფარგლებში, გორელი პირობით მსჯავრდებულები სოციალურ საწარმო „მწვანე ოჯახში“ დასაქმდნენ.
უწყების ინფორმაციით, სოციალური საწარმო „მწვანე ოჯახი“, რომელიც სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგის განვითარებაზეა ორიენტირებული, მიზნად ისახავს წარსულში ნარკოტიკების მომხმარებელთა ჩაბმას შრომით თერაპიაში და მათ რეაბილიტაციას. შესაბამისად, შიდა ქართლის პრობაციის ბიუროში შეირჩა ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენისთვის გასამართლებული ცხრა პირობით მსჯავრდებული, რომლებმაც რისკებისა და საჭიროებების შეფასების პროცესში დასაქმების მაღალი მოტივაცია დააფიქსირეს. ამ ეტაპზე სოციალური საწარმოს ადმინისტრაციამ პრობაციონერებთან, დამხმარე სპეციალისტების პოზიციებზე, ექვსთვიანი ხელშეკრულებები გააფორმა. მათი ვადის ამოწურვის შემდეგ, იმ თანამშრომლებთან, ვინც მოვალეობის შესრულებისას თავს გამოიჩენს, უფრო გრძელვადიანი შრომითი კონტრაქტი დაიდება. დასაქმებულები, პირველ ეტაპზე, ხელფასის სახით 380 ლარს მიიღებენ.
სოციალური საწარმო „მწვანე ოჯახის“ პროექტის მიხედვით, ორი წლის განმავლობაში ნარკოტიკული დანაშაულისთვის მსჯავრდებულ პრობაციონერთა კიდევ ორი ჯგუფი დასაქმდება. პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით 2013 წელს 124 პრობაციონერი დასაქმდა. 2014 წელს – 145, ხოლო მიმდინარე წელს უკვე დასაქმებულია 72 პრობაციონერი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები