საქართველოში შიდსის ვირუსით ინფიცირებული 5177 ადამიანიდან 95 ბავშვია, 1038 მოქალაქე კი – გარდაცვლილი
2015 წლის 1 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით შიდსის ვირუსით ინფიცირების 5177 შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთაგან 3813 მამაკაცი, ხოლო 1364 ქალია.
ამასთან, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში აივ მკურნალობას 2520 პაციენტი იტარებს, მათგან კი 46 – ბავშვია.
ამავე მონაცემებით ირკვევა, რომ შიდსის ვირუსით ინფიცირების 482 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი.
სტატისტიკამ ასევე აჩვენა, რომ შიდსით გარდაცვლილთა რაოდენობა 1038-მდე გაიზარდა. პაციენტთა უმრავლესობა კი 29-დან 39 წლამდეა. როგორც „კვირას“ ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ექიმმა ეპიდემოლოგმა ოთარ ჩოკოშვილმა განუცხადა, მიმდინარე წელს ადგილი აქვს აივ/შიდსის სქესობრივი გზით გადაცემის მკვეთრ ზრდას, რაც განსაკუთრებით გამოხატულია ახლად რეგისტრირებულ 15-დან 30 წლამდე ასაკის ჰომო/ბისექსუალ მამაკაცებში.
მისივე შეფასებით, აღნიშნულ პოპულაციაში ეპიდემიას მნიშვნელოვანი მიმდინარეობა აქვს.
ჩოკოშვილის ინფორმაციითვე, ახალ მონაცემებში ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ნარკოტიკების მოხმარების შედეგად დაინფიცირებულ პირთა რაოდენობა 18.5 პროცენტით არის შემცირებული. კვლევის თანახმად, შიდსით ინფიცირების ყველაზე მეტი -1813 შემთხვევა თბილისშია რეგისტრირებული, მათგან 84 უცხოეთის მოქალაქეა. ბოლო წლებში აივ ინფექცია/შიდსის ახალ შემთხვევათა ანალიზი გვიჩვენებს, რომ აღინიშნება ახალ შემთხვევათა სტაბილური ზრდის ტენდენცია, მაგალითად, თუ 2008 წელს იყო 351 შემთხვევა, 2014 წელს კი ეს ციფრი 564-მდე გაიზარდა. არანაკლებ საგულისხმოა შიდსით ინფიცირებულთა შეთხვევები ორსულებში. უახლოესი დღეების გამოკვლევებმა ცხადყო, რომ საქართველოს მასშტაბით სულ 280 ორსულია რეგისტრირებული. 2014 წლის მონაცემებით 25, ხოლო 2015 წელს 15 ორსული გამოვლინდა.