დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამრეკლოში კარანტინი გამოცხადდა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამრეკლოში კარანტინი გამოაცხადა.
ამის მიზეზი სოფელ სამრეკლოში მსხვილფეხა პირუტყვის ცოფით დაცემის შემთხვევა გახდა, რომელიც 31 აგვისტოს ლაბორატორიულად დადასტურდა.
როგორც „კვირას“ სოფლის მეურნეობის პრესსამსახურიდან აცნობეს, ვეტერინარულ-სანიტარული წესების შესაბამისად, სააგენტოს კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ცხოველის დაცემისა და დამარხვის ადგილზე ჩაატარეს დეზინფექცია, სოფელში გამოცხადდა კარანტინი.
დაავადების დაფიქსირების ადგილიდან 2-3 კილომეტრის რადიუსში დაიწყო ცოფის ამთვისებელი ცხოველების იძულებითი ვაქცინაცია.
ასაცრელი 1500 სული ცხოველიდან ამ ეტაპისთვის 700 სული უკვე აცრილია. ვეტერინარულ-სანიტარული წესების მიხედვით მიმდინარეობს ზედამხედველობა დანარჩენ ცხოველებზე. ღონისძიებები გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები