დავით დონდუა: საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე „მცოცავი ანექსიის“ პროცესი ერთგვარად ჩრდილში მოექცა

2015 წლის იანვრიდან დღემდე საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე მოამზადა ორი კვარტალური ანგარიში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით დონდუამ “ამბასადორიალი 2015”-ზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
დონდუას განცხადებით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე „მცოცავი ანექსიის“ პროცესი, უკრაინის ფონზე, ერთგვარად ჩრდილში მოექცა.
მისი თქმით, ამიტომ საქართველო ყველანაირად ცდილობდა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობისთვის დროულად მიეწოდებინა ობიექტური ინფორმაცია.
“ამისთვის გამოვიყენეთ ყველა შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციის ტრიბუნა და სხვადასხვა ფორუმი. შედეგად ე.წ. ხელშეკრულებების დადება და ხელოვნური ბარიერების აღმართვა დაგმო და დემარშები განახორციელა ქვეყნების და ორგანიზაციების უპრეცედენტოდ დიდმა რაოდენობამ. საერთაშორისო თანამეგობრობის რეგულარული ინფორმირების მიზნით, 2015 წლის იანვრიდან დღემდე საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე მოამზადა ორი კვარტალური ანგარიში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ”, -განაცხადა დონდუამ.
მისივე თქმით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ინიციატივით აღდგა პირდაპირი დიალოგი აფხაზებთან და გამოიკვეთა საერთო ინტერესები.
დონდუას განცხადებით, ამ პროცესების პარალელურად, საგარეო პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს მიმართულებად რჩება საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები