„ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ყველას პოზიცია უგულებელყო“

პარტია „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა კაციტაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების შეტანაზე ისაუბრა. კაციტაძის განცხადებით, „ ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ყველას პოზიცია, – იქნება ეს საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო ოპოზიცია, -არასამთავრობო ოგანიზაციები, პრეზიდენტის ეგიდით ჩატარებული კონფერენცია, – უგულებელყო.
ოპოზიციის წარმომადგენლის თქმით, დოკუმენტი სახელისუფლებო გუნდმა რამდენიმე საათში მხოლოდ შიდა კოალიციური გადაწყვეტილების შედეგად მიიღო და ეს ფართო მსჯელობის და განხილვის საგანი არ ყოფილა.
კაციტაძის თქმით, ხელისუფლების შემოთავაზება, ერთი მხრივ, არათანაბარი მაჟორიტარული ოლქების გათანასწორებას და, მეორე მხრივ, მაჟორიტარულ ოლქებში 50%-იანი ბარიერის შემოღებას ნიშნავს. როგორც არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა განმარტა, 15 პოლიტიკურმა და 9 არასამთავრობო ორგანიზაციამ საპრეზიდენტო კონფერენციაზე მაჟორიტარული სისტემის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. ის უნდა შეცვლილიყო სამხარეო პროპორციულით, ეს ცვლილება ბევრი ნაკლოვანების აღმოფხვრას უზრუნველყოფდა, რაც ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებს პირდაპირ უკავშირდება.
„ გარდა ამისა, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მოქმედ ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში არჩევნების ჩატარება და ამ სახით პარლამენტის ფორმირება არაკონსტიტუციური იქნებოდა, თუ ოლქების გასწორება არ მოხდებოდა.
საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგინდა, რომ გათვალისწინებული უნდა იყოს ის 10% ცდომილება, რომელიც ვენეციის კომისიას და ეუთო-ოდირს აქვს დაშვებული, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევებში ეთნიკური უმცირესობების კომპაქტურად დასახლების დროს, მიგრაციულ რეგიონებში და ასე შემდეგ შეიძლება ოლქთა შორის სხვაობა მაქსიმუმ 15% იყოს. კოალიცია „ქართული ოცნება“ კი ამბობს, რომ 15% -მდე არის შესაძლებელი ოლქთა შორის სხვაობა, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევებში შეიძლება ეს მეტიც იყოს. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ეს ნაწილი მათ სათავისოდ გადათარგმნეს და ველოდებით, რომ თუ აქამდე 3000 % განსხვავება იყო, ახლა ნაცვლად 15%-ისა, 400 და 500% განსხვავება იქნება“, – განაცხადა მამუკა კაციტაძემ.
რაც შეეხება 50%-იან ბარიერს, კაციტაძის თქმით, 50%-იანი ბარიერი ხელისუფლებისთვის არავის მოუთხოვია და თუკი ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქები შენარჩუნდება, დადგენილი მაღალი ბარიერი არაფერს შეცვლის.
მამუკა კაციტაძე მოახლოებული შუალედური არჩევნების ბოიკოტირების საკითხსაც შეეხო. მისი თქმით, ეს კიდევ ერთი საშუალებაა იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ მიიპყრონ როგორც საერთაშორისო, ისე ქვეყნის შიგნით საზოგადოების ყურადღება და ხალხმა გაიგოს, რომ ხელისუფლება ოპოზიციას და საზოგადოებას არ ელაპარაკება. კაციტაძის თქმით, ბოიკოტი პოლიტიკური ბრძოლის იარაღია. „მაჟორიტარული არჩევნები არასამართლიანია და ჩვენ მას ვემიჯნებით “, – აღნიშნა კაციტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები