კოლხური ბზა გადაშენების პირასაა
კოლხურ ბზას განადგურება სოკოვანი დაავადების გამო ემუქრება. უნიკალური ჯიშის მცენარეს კრიტერიუმი შეეცვალა და „წითელ წიგნში“ კრიტიკულად საფრთხის ქვეშ მყოფის სტატუსი მიენიჭა.
ბზის სინათლით დამწვრობის პირველი შემთხვევა 2010 წელს დაფიქსირდა. სპეციალისტები, რომლებიც ამ საკითხზე მუშაობენ, ამბობენ, რომ მდგომარეობა საგანგაშოა. ისინი უნიკალური ჯიშის ბზის გადარჩენის ერთადერთ საშუალებაზე საუბრობენ. მეცნიერი გალინა მეფარიშვილი აცხადებს, რომ ამ დაავადების წინააღმდეგ რაიმე საშუალება, გარდა ქიმიური მეთოდისა, მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ არსებობს. „ამ დაავადების წინააღმდეგ ბრძოლის ერთადერთი საშუალებაა
ქიმიური საშუალებები, ანუ ტოტალური განადგურება ამ სოკოსი. თუმცა, ახლა დაგვიანებულია. არსებობს სახელმწიფო პროგრამა, სადაც სხვადასხვა სპეციალისტები არიან ჩართული“, – აცხადებს გალინა მეფარიშვილი. ქიმიური დამუშავების წინააღმდეგნი არიან ბიოლოგები. ბიოლოგი იზო მაჩიტაძე ამბობს, რომ რამდენიმე წლის წინ სოკოვანი დაავადების პრობლემები წაბლსაც შეექმნა. მისი თქმით, მაშინ წაბლის შენარჩუნება ბუნებრივი გზით მოხერხდა. იგი ფიქრობს, რომ კოლხური ბზის ქიმიურ აღდგენას შესაძლოა, სხვა გართულებები მოჰყვეს. კოლხური ბზის გადასარჩენად სახელმწიფო პროგრამა მუშაობს, სადაც არასამთავრობო და სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლები არიან ჩართული.