თენგიზ ფხალაძე : კარგი იქნებოდა, საქართველოს პრეზიდენტს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის საშუალება მისცემოდა
საგარეო ურთიერთობათა საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა, თენგიზ ფხალაძემ გიორგი მარგველაშვილის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა. როგორც ფხალაძემ აღნიშნა, გიორგი მარგველაშვილს 29 სექტემბერს, ნიუ-იორკში, მაღალი დონის დისკუსიაზე დასწრება დადასტურებული აქვს. “საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 29 სექტემბერს ნიუ იორკში იმართება მაღალი დონის დისკუსია, რომელიც ეძღვნება აღმოსავლეთ ევროპის მომავალს და ქალთა როლის გაძლიერებას. ეს არის მაღალი დონის ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს სხვა რამდენიმე ქვეყნის პრეზიდენტი. იცით, რომ საქართველოს პრეზიდენტი აღნიშნულ საკითხს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს. 2015 წელი გამოცხადებულია ქალთა წლად, აქედან გამომდინარე, სრულიად ლოგიკურია მისი მიწვევა ამ ღონისძიებაზე და საქართველოს პრეზიდენტს დადასტურებული აქვს ამ ღონისძიებაზე დასწრება, იქედან გამომდინარე, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად გამოყენებულ იქნას საქართველოს პრეზიდენტის ავტორიტეტი, მიმდინარეობს მუშაობა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს პრეზიდენტის აშშ-ში ყოფნა იქნას მაქსიმალურად გამოყენებული ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაღრმავებისთვის, იგეგმება რიგი შეხვედრები პოლიტიკურ წრეებთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან”,- განაცხადა ფხალაძემ.
რაც შეეხება გაეროს თემას, ფხალაძის თქმით, კარგი იქნებოდა, რომ საქართველოს პრეზიდენტს საშუალება მისცემოდა, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსულიყო, მინდა კიდევ ერთხე ხაზი გავუსვა იმას,რომ საქართველოს პრეზიდენტი არის ერთადერთი უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელიც პირდაპირი წესით, საერთო სახალხო არჩევნებით აირჩევა; აქედან გამოდინარე, ასევე მისი მაღალი ავტორიტეტიდან გამოდინარე, საერთაშორისო არენაზე, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტის ავტორიტეტი მაქსიმალურად იყოს გამოყენებული და რახან პრეზიდენტი იმ პერიოდში არის აშშ-ში, როდესაც იხსნება გაეროს გენასამბლეის გენერალური დებატები, კარგი იქნებოდა, რომ მას მისცემოდა საშუალება და გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსულიყო. როგორც წესი, პატარა ქვეყნები იყენებენ ამ შესაძლებლობას იმ ფაქტორების გამოც, რაც უკვე მოგახსენეთ, ასევე იმის გამოც, რომ გაეროში არის ტრადიციები, წესები – როდესაც იხსნება გენერალური დებატები,როგორც წესი პირველ რიგში, სიტყვით გამოდიან სახელმწიფოების მეთაურები, ამის შემდეგ გამოდიან მთავრობის მეთაურები და სხვა წარმომადგენლები. აქედან გამოდინარე, პატარა ქვეყნები და ზოგადად სახელმწიფოები ცდილობენ, ეს საშუალება მაქსიმალურად გამოიყენონ, რათა უფრო აქტუალურ ფორმატში იქნას წარმოჩენილი ის პრობლემატიკა, რომელზედაც დელეგაციის ხელმძღვანელს სურს საუბარი, აღნიშნული პოზიცია ცნობილი და გაცხადებულია როგორც კონსულტაციების რეჟიმში, ასევე საჯაროდაც. სამწუხაროდ, ეს პოზიცია ჯერ დღეისთვის გაზიარებული არ არის, თუმცა გაეროს გენერალურ დებატემადე ერთი თვეა დარჩენილი და კარგი იქნება, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, თუ ეს პოზიცია იქნება გაზიარებული”, – განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.