„თბილისის 6 თვის ბიუჯეტში თანხების 12%, 57 მილიონი ლარი აუთვისებელია“
თბილისის საკრებულოს ფრაქცია „გაერთიანებული დემოკრატების“ წარმომადგენელმა თამარ ცინცაბაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში თბილისის ბიუჯეტის ათვისების 6 თვის შედეგებზე ისაუბრა. ცინცაბაძის განცხადებით, მერიამ ვერ შეძლო და 6 თვეში დასახარჯი ბიუჯეტი ვერცერთი მიმართულებით სრულად ვერ აითვისა.
ცინციბაძის თქმით, ხელისუფლების არაეფექტური და ნაკლები კვალიფიკაციის გამო, აუთვისებელია თანხები ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურის, ეკოლოგიის, გამწვანების და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის კუთხით.
„ თბილისის ექვსი თვის ბიუჯეტი შემოვიდა. ბიუჯეტის 12 %, დაახლოებით 57 მილიონი ლარი აუთვისებელია. რამდენი საკითხია ქალაქში, რომელიც სასწრაფო და მყისიერ რეაგირებას საჭიროებს და ასეთ სიტუაციაში ბიუჯეტიდან თანხა გამოყოფილია და ვერ ითვისებენ. თანხები აუთვისებელია თითქმის ყველა მიმართულებით, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის კუთხით აუთვისებელია 7%, ეს არის სამი მილიონი, ამ კუთხით უამრავი საკითხია მოუგვარებელი და ამ დროს არ არის ათვისებული მილიონობით ლარი. ინფრასტრუქტურული ობიექტებისა და ავარიული სახლების შეკეთების კუთხით 10 მილიონი ლარი არ არის ათვისებული. ეკოლოგიის კუთხით ძალიან მძიმე მდგომარეობა გვაქვს ქალაქში, მაშინ, როდესაც ამ კუთხით აუთვისებელია თანხის 11%. გამწვანების კუთხით კი გამოყოფილი თანხების 57%-ია აუთვისებელი. ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით 5 მილიონი აუთვისებელია.
2015 წლის ბიუჯეტში შევიდა პროგრამა ლეიკემიით დაავადებულთა დასახმარებლად, მათთვის, ვისაც ძვლის ტვინის გადანერგვა ესაჭიროება, გამოიყო გარკვეული თანხა. თუმცა ამ ადამიანების ასაკობრივი ზღვარი 30 წლამდე განისაზღვრა. თანხა ათვისებული ვერ იქნა, ამის გამო სეკვესტრი განიცადა, თუმცა ვერც ამის მერე იქნა ათვისებული. ხომ შეიძლება ასეთ დროს გაზარდონ ეს პროგრამა და მასში 30 წელს ზემოთ მყოფი ადამიანები ჩართონ. ეს მათი არაეფექტური მუშაობის და დაბალი კვალიფიკაციის ბრალია, აკლიათ კვალიფიკაცია“,- განაცხადა თამარ ცინცაბაძემ.