კახი კახიშვილი ექსპერტთა კლუბის წევრებს შეხვდა

სასჯელაღსრულების მინისტრი კახი კახიშვილი ექსპერტთა კლუბის წევრებს შეხვდა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, შეხვედრაზე საუბარი უწყებაში განხორციელებულ რეფორმებს შეეხო.
მისივე თქმით, აუცილებელია, ექსპერტთა კლუბის წევრებმა იცოდნენ, თუ რა გაკეთდა უწყებაში და რის გაკეთებას აპირებენ.
„ეს იყო პირველი შეხვედრა ექსპერტთა კლუბის წარმომადგენლებთან იმასთან დაკავშირებით, თუ რა გავაკეთეთ სასჯელაღსრულების სისტემაში. იცით, რომ ჩატარდა სერიოზული სისტემური რეფორმა, რომლის შედეგებზე დღეს მოხსენება გავუკეთე ჩვენს ექსპერტებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ადამიანებმა იცოდნენ, რა არის გაკეთებული და რის გაკეთებას ვაპირებთ. ჩვენ ვართ ღია, მითუმეტეს, ჩემს უფროს მეგობრებთან“, – განაცხადა კახიშვილმა.
რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის განცხადებას ჩხრეკისას გაშიშვლებასთან დაკავშირებით, მინისტრი განმარტავს, რომ ეს აუცილებელია პატიმარის ციხის ტერიტორიაზე შესვლის პერიოდში.
„არასამთავრობოების ნაწილს გაშიშვლების საკითხთან დაკავშირებით შევხდვი, რომლებიც ამბობენ, რომ მსჯავრდებულის უფლებები ილახება. ეს პრობლემა ვიცი. ის წესები რაც ჩვენთან არის დანერგილი, თავიდან ბოლომდე ზის ციხის ევროპულ სტანდარტებში და არ ეწინააღმდეგება არანაირ საერთაშორისო სტანდარტს. ღირსების შემლახავია მაშინ, როდესაც ჩამწკრივება ხდება, როდესაც უცხო პირები ესწრებიან ან საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელი ესწრება, როდესაც ხელით შეხება ხდება. ეს ყველაფერი, ნამდვილად ვეთანხმები არასამთავრობოებს, რომ ღირსების შემლახველია, თუმცა არის ერთი საკითხი, თუ რატომ ხდება სრული და არასრული შემოწმება. ორი მიზანია. ერთი – უცხო და აკრძალული ნივთების შემოტანა და მეორე – სტამბულის პროტოკოლის მოთხოვნა, რომ ნებისმიერი პატიმრის, რომელიც შემოვა ციხის ტერიტორიაზე, სხეულზე არსებული დაზიანებები უნდა იყოს დოკუმენტირებული“, – განაცხადა კახი კახიშვილმა.
ამასთან, მისივე თქმით, სკანერის დადგმა დაზიანებების აღწერის პრობლემას ვერ მოაგვარებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები