„ტელევიზიებში მეპატრონეების გარკვევა დღეს გაზით, „დუბინკებითა“ და სხვა საშუალებებით აღარ ხდება, როგორც ეს 2007 წელს მოხდა“
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამაზ მეჭიაური პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამოეხმაურა.
დეპუტატის განცხადებით, ის, რომ მსგავსი საკითხები დღეს სასამართლოში განიხილება, მიანიშნებს იმას, რომ სამართლებრივი სახელმწიფო შენდება. მეჭიაურის თქმით, დღეს ტელევიზიებში მეპატრონეების გარკვევა, 2007 წლის მსგავსად, გაზით, დუბინკებითა და სხვა საშუალებებით აღარ ხდება.
„მე მივესალმები, რომ ასეთმა დავებმა სასამართლოში გადაინაცვლა. გაზით, „დუბინკებითა“ და სხვა საშუალებებით აღარ ხდება ტელევიზიებში მეპატრონეების გარკვევა, როგორც ეს 2007 წელს „იმედის“ შემთხვევაში, უფრო ადრე კი სხვა ტელევიზიებში მოხდა. თვითონ ეს ფაქტი მიანიშნებს იმას, რომ სამართლებრივი სახელმწიფო შენდება. თავს შევიკავებ ყოველგვარი პოლიტიკური განცხადებებისგან. როგორც ჩემთვის ცნობილია, არიან სხვა მოდავე მხარეებიც, „რუსთავი 2“ -იც და სხვა ტელევიზიებიც, დაშვებული თუ დაუშვებელი ხერხებით, ხელიდან ხელში ხშირად გადადიოდა, ამიტომაც მე არ წავალ სიღრმეში და დაველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას“, – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.
შეგახსენებთ, რომ „რუსთავი 2“-ის ქონება ქიბარ ხალვაშის სარჩელის საფუძველზე, სასამართლოს გადაწყვეტილებით დაყადაღდა.