პრეზიდენტი: რუსეთი საქართველოს ნერვებს ყოველდღიურად ცდის

აგვისტოს ომის გმირების სიმტკიცე არის საფუძველი იმისა, რომ ქვეყანა ყოველთვის მშვიდად იქნება და ამ გამოწვევის წინაშეც სიმტკიცით წარდგება, – აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ოკუპანტების მიერ ე.წ. საზღვრის გადმოწევის თემაზე საუბრისას განაცხადა. მისივე შეფასებით, რუსეთი საქართველოს ნერვებს ყოველდღიურად ცდის.
„მაშინ როდესაც ყოველდღიურად ჩვენი მოწინააღმდეგე ცდილობს, რომ ითამაშოს ჩვენს ნერვებზე, ითამაშოს იმითი, რომ გაგვაღიზიანოს. ცდილობს ყოველდღე მძაფრ ჭრილობაში, რომელიც არის ოკუპაციის ხელოვნური ხაზი, მუდმივად კიდევ უფრო გაგვაღიზიანოს და გაგვიმძაფროს ეს ჭრილობა. მათ არ იციან, რომ ჩვენ გვაქვს მოთმინების არაჩვეულებრივი უნარი. უნარი გამომდინარე იქედან, რომ ჩვენ ვდგავართ იმ ადგილზე, სადაც სიამაყით ვდგავართ. ვდგავართ იმ ადგილას, სადაც ჩვენ ვერ დაგვჩაგრეს, სადაც შეიძლება მოგვიგეს ბრძოლა, მაგრამ ვერ გატეხეს ქართველი კაცის სული“,-აღნიშნა მარგველაშვილმა.
რუსმა ოკუპანტებმა ქარელის რაიონის სოფელ თამარაშენში, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები დაამონტაჟეს. ოკუპირებულ ტერიტორიაზე სოფელ თამარაშენის მცხოვრებთა სასოფლო-სამეურნეო მიწები მოექცა.
მცოცავი ოკუპაციის ხაზმა 800 მეტრით გადმოიწია. ადგილობრივების განცხადებით, ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები სოფლის ტერიტორიაზე გვიან ღამით აღიმართა.
მაცხოვრებლების თქმით, ბანერები დღეს მას შემდეგ შენიშნეს, რაც აღნიშნულ ტერიტორიაზე მოსავლის ასაღებად მივიდნენ. ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელუბანსა და ოკუპირებული ახალგორის სოფელ ორჭოსანში ე.წ. სახელმწიფო საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები 10 ივლისსაც აღმართეს.
გარკვეულ მონაკვეთზე, ბაქო-სუფსის მილსადენის ორი მონაკვეთი – დაახლოებით, 1600 მეტრი საოკუპაციო ძალების კონტროლქვეშ მოექცა.
როგორც „კვირას“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ადგილზე ვითარებას სწავლობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები