პრემიერი კარბელაშვილზე: დარწმუნებული ვარ, რომ ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იყო

ყველა ასეთი ფაქტი იქნება ბოლომდე გამოძიებული და კანონდამრღვევი იქნება დასჯილი, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საპარლამენტო უმცირესობის წევრ გიორგი კარბელაშვილთან დაკავშირებულ ინციდენტს.
როგორც პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა, იგი დარწმუნებულია, რომ გიორგი კარბელაშვილი ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იყო, როდესაც პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია.

“ნებისმიერი მოქალაქე, ვინც პოლიციის წინააღმდეგ, რაიმე ქმედებას განახორციელებს, ის იქნება კანონის შესაბამისად მკაცრად დასჯილი. ეს არის ჩემი პოზიცია და ამას მტკიცედ დავიცავ. ყველას მოვუწოდებ, პირველ რიგში – პროვოკატორებს, რომლებიც ცდილობენ, რომ ქართული პოლიციის სახელი შებღალონ, მათი ეს მცდელობა დასრულდება კრახით. ისინი დაისჯებიან სამაგალითოდ, იქნება ეს კარბელაშვილი თუ ბარამიძე, რომლებიც პირდაპირ პროვოცირებენ და იწვევენ ჩვენს პოლიციელებს. მადლობა მინდა გადავუხადო პოლიციელებს ასეთი ღირსეული და პროფესიონალური მოქცევისთვის და მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ყველა ასეთი ფაქტი იქნება ბოლომდე გამოძიებული და კანონდამრღვევი იქნება დასჯილი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ადამიანი იყო ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ, სხვა შემთხვევაში ასეთ სისულელეებს და ასეთ ბოდვებს არ მოიფიქრებდა”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები