თინათინ ხიდაშელი რეგიონებში გამართულ ღონისძიებებს დაესწრება

დღეს თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, რეგიონებში ღონისძიებები გაიმართება.
უწყების ინფორმაციით, დღეს, 12:00 საათზე, ახალციხის ჯავშანსატანკო ცენტრში ტანკისტის დღისადმი მიძღვნილი ცერემონიალი გაიმართება.
ტანკისტებს პროფესიულ დღესასწაულს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი და გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე მიულოცავენ.
საზეიმო ღონისძიების დასრულების შემდეგ წარმატებული სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება. თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსი ჯავშან და საავტომობილო ტექნიკას, სასწავლო კლასებს, ყაზარმებს დაათვალიერებენ და სამხედრო მოსამსახურეების სასწავლო და საცხოვრებელ პირობებს გაეცნობიან.
დღესვე, 15:00 საათზე, თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი და გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ახალქალაქს ესტუმრებიან, სადაც საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრს უფროსი სერჟანტის ზაზა ფერაძის სახელი მიენიჭება.
IV ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურე 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაიღუპა. მან ბრძოლის ველიდან სამი დაჭრილი თანამებრძოლი გამოიყვანა, მეოთხეს გადარჩენა კი ვერ შეძლო და თვითონაც დაიღუპა. უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძე იბრძოდა აფხაზეთში, მონაწილეობდა ერაყისა და ავღანეთის საერთაშორისო მისიებში.
20:00 საათზე, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები გორის რაიონის სოფელი შინდისში მდებარე მემორიალთან 2008 წლის აგვისტოში შინდისთან გამართულ ბროლაში დაღუპულ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს გაიხსენებენ და მემორიალს გვირგვინით შეამკობენ. დაგეგმილია საქართველოს სახელმწიფო დროშის აღმართვა.
ღონისძიების ფარგლებში, თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის ბლოგის “აგვისტოს გმირების” პრეზენტაცია გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები