ნიკა გვარამია: აქიმიძისა და დვალის სამართლებრივი პრეტენზიები სრულიად უსაფუძვლოა

ტელეკომნპანია “რუსთავი 2”-ის ყოფილი მფლობელების დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის განცხადებას ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია გამოეხმაურა.
გვარამიას განცხადებით, აქიმიძისა და დვალის სამართლებრივი პრეტენზიები სრულიად უსაფუძვლოა, რადგან მათი ყველა მოთხოვნის ხანდაზმულობა გასულია.
„არსებითად მნიშვნელობა არ აქვს რამდენი ჭანჭიკის მეშვეობით შეუტევს ბიძინა ივანიშვილი თავისუფალ მედიას – “რუსთავი 2”-ს და მასთან ერთად ქართულ დემოკრატიას. ეს ადამიანები შეუერთდნენ სამთავრობო ჭანჭიკების ძველ გვარდიას, როგორიც იყო აქამდე არსებულ ე.წ. „რიჟა“ და ქიბარ ხალვაში, რასაც ვულოცავ მათ და ცოტა არ იყოს მოულოდნელიც იყო.
აქიმიძის და დვალის სამართლებრივი პრეტენზიები სრულიად უსაფუძვლოა იმდენად რამდენადაც, როგორც მინიმუმ მათი ყველა მოთხოვნის ხანდაზმულობა გასულია, ხოლო თუ იმაზე ვისაუბრებთ ვისგან აიღეს მათ ფული, რამდენი აიღეს, აიღეს თუ არა და რა ვითარებაში მოხდა ეს.
ამის თაობაზე სრულ ინფორმაციას ფლობდა ეროსი კიწმარიშვილი, რომელმაც პირადად ჩემთან და არამხოლოდ ჩემთან, სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში არა ერთხელ განაცხადა, რომ ქიბარ ხალვაშთან ერთად, სწორედ აქიმიძე და დვალი გაერთიანებული ძალებით აპირებდნენ შეეტიათ რუსთავი 2 -თვის ბიძინა ივანიშვილის წაქეზებით და ის აუცილებლად დადგებოდა რუსთავი 2-ის მხარეს და აუცილებლად მოყვებოდა სრულ ინფორმაციას, როგორც აქიმიძესა და დვალის მიერ გაყიდული წილებთან დაკავშირებით აღებული ფულის თაობაზე, ასევე ქიბარ ხალვაშის რუსთავი 2-ში მოხვედრასთან დაკავშირებით.
ამის შემდეგ ძალიან უცნაურ ვითარებაში გარდაიცვალა სულ რამდენიმე კვირაში ეროსი კიწმარიშვილი.
კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, არავითარი მნიშვნელობა არა აქვს ხელისუფლება რა ფსევდონიმებით, ვისი მეშვეობით და ჭანჭიკებით შეუტევს რუსთავი 2-ს. ჩვენ ვიცით, რომ ეს ერთი და იგივე სქემის ნაწილია, მაგრამ ეს სქემა არავითარ შემთხვევაში არ იმუშავებს,“ – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
შეგახსენებთ, რომ დავით დვალმა და ჯარჯი აქიმაძემ დღეს განცხადება გაავრცელეს, სადაც ნათქვამია, რომ სამართლებრივ პროცესს ტელეკომპანიასთან დაკავშირებით ალტერნატივა არ აქვს.
გარდა ამისა, ტელეკომპანიის ყოფილმა მფლობელებმა აღნიშნეს, რომ “რუსთავი 2″ არის “ნაციონალური მოძრაობის” მიერ კონტროლირებადი პარტიული ტელევიზია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები