გიორგი ალიბეგაშვილმა აგვისტოს ომში დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგო

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ – გიორგი ალიბეგაშვილმა, საკრებულოს დეპუტატებთან ერთად, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და დაღუპულთა საფლავები ყვავილებით შეამკო.

საკრებულოს თავმჯდომარემ და დეპუტატებმა გარდაცვლილთა ოჯახებს 2008 წლის ტრაგედია კიდევ ერთხელ მიუსამძიმრეს.

გიორგი ალიბეგაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ, მიუხედავად ტრაგედიიდან განვლილი შვიდი წლისა, მიღებული იარები ჯერ არ მოშუშებულა.

„დღეს აქ მოსული თითოეული ადამიანი იზიარებს და იხსენებს 2008 წლის აგვისტოს ომის ტრაგედიას, მაგრამ, ამასთან, სიამაყის გრძნობით აღსავსენი ვართ და ქედს ვუხრით სამშობლოსათვის თავდადებულ გმირებს. მებრძოლთაგან დაღვრილი სისხლი გვახსენებს იმის ვალდებულებას, რომ მათი სახელები უკვდავყოთ, ეს კი მხოლოდ ქვეყნის აღმშენებლობით მიიღწევა“, – განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.

19 მაისს, პირველად თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ედმონდ მინაშვილის დოკუმენტური ფილმის ჩვენება მოეწყო, რომელიც სოფელ შინდისში მომხდარი ტრაგედიის შესახებ მოგვითხრობს. ჩვენების შემდეგ, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და ფრაქცია “ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოსათვის“ წევრები 2008 წლის აგვისტოს ომში სოფელ შინდისთან დაღუპული 17 მებრძოლის სახელის უკვდავსაყოფად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაწყებული მონუმენტის მშენებლობისათვის თანხის შეგროვების ინიციატივით გამოვიდნენ.

ამ წამოწყებაში მონაწილეობის სურვილი საკრებულოს დეპუტატებმა და აპარატის თანამშრომლებმა გამოთქვეს. სამი თვის განმავლობაში დეპუტატებისა და აპარატის თანამშრომლების მხრიდან სისტემატურად ხორციელდება სპეციალურ ანგარიშზე თანხების ჩარიცხვა.

აღსანიშნავია, რომ ამ ინიციატივას სხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები