კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის “რუსთავი 2″-თან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის მივმართავთ პროცესში ჩართულ მხარეებს, მოახდინონ არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მაქსიმალურად გასაჯაროვება, – ასე ეხმაურება კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით წამოწყებულ სასამართლო დავას.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ გაკეთებული განცხადებებისა და განხორციელებული ქმედებების, კერძოდ, ტელეკომპანიის მიერ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში დაგეგმილი კონცერტებისთვის ადგილის არგამოყოფის შემდეგ, ქიბარ ხალვაშის მიერ ტელეკომპანიასთან წამოწყებული სასამართლო პროცესი კითხვებს აჩენს, მიუხედავად იმისა, რომ განცხადებაშია აღნიშნული – დავა “რუსთავი 2-ის” შესახებ კერძო სამართლებრივი დავაა.
ზემოაღნიშნულის გამო, კოალიცია ორივე მოდავე მხარეს მედიასთან თანამშრომლობას და ინფორმაციების გასაჯაროვებისკენ მოუწედებს, რადგან როგორც განცხადებაშია ნათქვამი, “თავისუფალი მედია და მისი მდგრადი განვითარება დემოკრატიული სახელმწიფოს მნიშვნელოვანი ორიენტირია”.
“კვირა” კოალიციის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
“კოალიცია „მედია ადვოკატირებისთვის“ ყურადღებით ადევნებს თვალს ტელეკომპანია „რუსთავი 2- ის” გარშემო განვითარებულ მოვლენებს. გავრცელებული ინფორმაციით, მაუწყებლის ერთ-ერთმა ყოფილმა მფლობელმა კუთვნილი წილის დაბრუნების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა. გუშინ სარჩელის უზრუნველყოფის მიზეზით, აღსრულების ბიურომ დააყადაღა სამაუწყებლო კომპანიის ქონების ნაწილი, დღეს კი ყადაღა დაედო მაუწყებლის პარტნიორების წილებს, უძრავ და მოძრავ ქონებას.
ამ პროცესს წინ უძღოდა ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ გაკეთებული განცხადებები და განხორციელებული ქმედებები, კერძოდ, ტელეკომპანიის მიერ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში დაგეგმილი კონცერტებისთვის ადგილის არგამოყოფა და ხელშეშლა.
მიუხედავად იმისა, რომ დავა “რუსთავი 2-ის” შესახებ კერძო სამართლებრივი დავაა, მიგვაჩნია, რომ ზემოთ აღნიშნული ფაქტები და სამაუწყებლო კომპანიის გარშემო შექმნილი ეს ვითარება აჩენს ბევრ კითხვას.
თავისუფალი მედია და მისი მდგრადი განვითარება დემოკრატიული სახელმწიფოს მნიშვნელოვანი ორიენტირია. ამიტომ, კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის მივმართავთ პროცესში ჩართულ მხარეებს, მოახდინონ არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მაქსიმალურად გასაჯაროვება და საზოგადოებას მიეცეს ობიექტური შეფასების გაკეთების შესაძლებლობა. ასევე, აუცილებელია, რომ მიმდინარე პროცესმა საფრთხე არ შეუქმნას სამაუწყებლო კომპანიის შეუფერხებელ საქმიანობას და ჟურნალისტთა პროფესიული მოვალეობის შესრულებას”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები