“რუსთავი 2” საქალაქო სასამართლოს განჩინებას გაასაჩივრებს

თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებას “რუსთავი 2”-ის ქონების დაყადაღებასთან დაკავშირებით ტელეკომპანია ხუთი დღის ვადაში გაასაჩივრებს, – ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
გვარამია მოითხოვს, რომ საჩივრის განხილვა ზეპირი მოსმენით მოხდეს და მოსამართლე თამაზ ურთმელიძე არ იყოს საჩივრის განმხილველი.
„სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებას ტელეკომპანია ხუთი დღის ვადაში გაასაჩივრებს და მოითხოვს, რომ საქმის მოსამართლე თამაზ ურთმელიძე არ იყოს აღნიშნული საჩივრის განმხილველი. ამასთან, საჩივარი  განხილული იყოს ზეპირი მოსმენით, რადგან  საქმისადმი უზარმაზარი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს და, გარდა ამისა, არ გამოიყენოს ბოროტად სასამართლომ თავისი დისკრეცია ზეპირი მოსმენით განხილვის გარეშე. განხილვა მოეწყოს არა ერთი მოსამართლის, არამედ სამი მოსამართლის მონაწილეობით, რადგან ამის დისკრეციაც არსებობს.
ერთი მოსამართლე არის ძალიან მოწყვლადი, რაც ჩვენ ვიცით და გვაქვს ყველა ინფორმაცია. მოსამართლე ურთმელიძეზე უკვე საუბარი აღარ არის, იმიტომ, რომ მან თავის პროფესიულ სიკვდილს ამ განჩინებაზე ხელმოწერით ხელი მოაწერა. ყველა მოსამართლეს ვაფრთხილებ, სასწორზე არ არის რომელიღაც კერძო კომპანიის ინტერესი, სასწორზეა ქვეყანაში დემოკრატიული არსებობა“, – განაცხადა გვარამიამ და მოსამართლეებს კანონისა და კონსტიტუციის შესაბამისად გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდა.
„იყავით დამოუკიდებლები და პატივი ეცით მედიის და სიტყვის თავისუფლებას, თქვენი ქვეყნის მოქალაქეების და ასევე თქვენი საკუთარი შვილების ინტერესებს. „რუსთავი 2“ ვერ დაიხურება, ჩვენ არ გავჩერდებით. ასეთი მოქმედებებით ჩვენ წინააღმდეგ ბრძოლა არის სრულიად უშედეგო და უპერსპექტივო“, – დასძინა გვარამიამ.
შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლოს 5 აგვისტოს გადაწყვეტილებით, „რუსთავი 2“-ის ქონება სრულად დაყადაღებულია. ყადაღა დაედო შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის მფლობელთა წილებს. არხის მეწილეებს აეკრძალათ ტელეკომპანიის სახელით ვალდებულებების აღება, რეორგანიზაცია, წესდებაში ცვლილებების შეტანა, საზოგადოების საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვა.
ასევე დაყადაღებულია „რუსთავი 2“-ის სახელზე გაფორმებული ქონება, კერძოდ, სანდრო ეულის ქუჩაზე მდებარე შენობა-ნაგებობები.
„რუსთავი 2“-ს, საბოლოო დავის დასრულებამდე, ეკრძალება მოძრავი ნივთების, მათ შორის ტელე-რადიო სიხშირის გადამცემი მოწყობილობების, გენერატორების, ავტომობილების გასხვისება და გაქირავება. ამ ქონების ნებისმიერი სახით უფლებრივად დატვირთვა.
სასამართლომ გადაწყვეტილება ქიბარ ხალვაშის სარჩელის საფუძველზე მიიღო. თუმცა, მოსარჩელეთა მოთხოვნა „რუსთავი 2“-ის ლოგოს გამოყენების აკრძალვის შესახებ არ დააკმაყოფილა. ასევე სასამართლომ არ განიხილა არხის საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადების საკითხი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები