ბოლნისის მოსახლეობა 24- საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია და მუნიციპალური განვითარების ფონდი, ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ბოლნისში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს.
ოფიციალური ინფორმაციით, სამუშაოების ღირებულება 4 მილიონ ლარზე მეტია. პროექტის დასრულების შემდეგ ბოლნისის მოსახლეობა, დღეში 7-8 საათიანი წყალმომარაგების გრაფიკის ნაცვლად, 18-24 -საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.
მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ნიკოლოზ ქიზიყურაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
წყლის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის შედეგად ბოლნისში მცხოვრებ 3 ათასამდე ოჯახს, კერძოდ კი 10 ათასზე მეტ ადამიანს მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება როგორც წყლის ხარისხი, ასევე წყლის მიწოდების გრაფიკი.
პროექტის ფარგლებში მოხდება 500 მ3 მოცულობის 2 არსებული რეზერვუარის რეაბილიტაცია, მაგისტრალური მილსადენისა და გამანაწილებელი ქსელის მშენებლობა-რეაბილიტაცია. პროექტი, რომლის ფარგლებშიც 40 ადგილობრივი მოსახლე დასაქმდა, 2016 წელს დასრულდება .