თბილისის მერმა ოლიმპიური ფესტივალის მიმდინარეობა დადებითად შეაფასა

 თბილისის მერმა დავით ნარმანიამ თბილისის ოლიმპიური ფესტივალის მიმდინარეობა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს არის კვირის ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება.
როგორც თბილისის მთავრობის სხდომაზე ნარმანიამ განაცხადა, პირველმა ორმა დღემ საკმაოდ კარგად ჩაიარა და მნიშვნელოვანია, რომ აქ დასვენების გარდა, გართობის შესაძლებლობაც აქვთ ახალგაზრდებს.
მისივე თქმით, ახალგაზრდებისთვის მოწყობილია სავარჯიშო დარბაზი, საცურაო აუზი სხვადასხვა სახის ტრენაჟორებით.
„შეჯიბრებებზე ისინი ორგანიზებულად დადიან მათთვის გამოყოფილი ავტობუსებით, ჯგუფის სპეციალური ხელმძღვანელების მეშვეობით. წესრიგშია როგორც კვების, ასევე უსაფრთხოების საკითხები, რაშიც შსს-ს შესაბამისი სამსახურები ჩართულები არიან. დარწმუნებული ვარ, ასე მოწესრიგებულად და ორგანიზებულად გაგრძელდება ყველაფერი ოლიმპიადის ბოლომდე და თითოეული ახალგაზრდა, მწვრთნელი და სტუმარი მაქსიმალურად კმაყოფილი წავა ჩვენი ქალაქიდან“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.
გარდა ამისა, მერმა აღნიშნა, რომ აბსოლუტურად ყველაფერი მიდის ისე, როგორც იყო დაგეგმილი. ყველანაირი პირობაა შექმნილი სპორტსმენებისთვის, რათა შეჯიბრისთვის მოემზადონ. საღამოობით დაგეგმილია ღონისძიებები მძიმე დღის შემდეგ სპორტსმენების განსატვირთად.
ცნობისთვის: კომპლექსი, სადაც ოლიმპიური სოფელი მდებარეობს, „ჰუალინგ ჯგუფის“ პროექტია. ის 9 საცხოვრებელ კორპუსს, ხუთვარსკვლავიან სასტუმროს, სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრს, რესტორანსა და რეკრეაციულ ზონას აერთიანებს. თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დედაქალაქის მთავრობის წევრებთან ერთად დღესვე ოლიმპიური სოფელი დაათვალიერა და სპორტსმენებს გაესაუბრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები