მდინარე ვერეს ხეობაში გვირაბს ხიდი ჩაანაცვლებს

დღეიდან ვერეს ხეობაში საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები იწყება. გზის აღსადგენად კომპანიები 24 საათის განმავლობაში იმუშავებენ.
დედაქალაქის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, სახიდე გადასასვლელის გაკეთება მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მდინარე ვერემ თავისუფლად იდინოს და მომავალში რაიმე პრობლემა არ გამოიწვიოს.
ნარმანია ვერ აკონკრეტებს, თუ რა ვადებშიც დასრულდება აღდგენითი სამუშაოები ვერეს ხეობაში.
“თბილისში არსებული ყველა მძიმე ტექნიკის მობილიზება სწორედ აქ მოხდა, რადგან ეს ერთ-ერთი მძიმე მონაკვეთია, სადაც ყველაზე მეტად დაზიანდა გზა და სადაც წყლის დიდი წნევის შედეგად გვირაბი გასკდა. ამ ადგილას გავაკეთოთ სახიდე გადასასვლელი. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მდინარე ვერემ თავისუფლად იდინოს და მომავალში შესაძლო ადიდების შემთხვევაში ამ ადგილზე არ იყოს პრობლემა. მეორე მხრივ, ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ უფრო უსაფრთხო იყოს ეს ტერიტორია გადაადგილებისთვის,” – აცხადებს თბილისის მერი დავით ნარმანია. გმირთა მოედნიდან თამარაშვილის ქუჩამდე საგზაო მონაკვეთის აღსადგენად მერიამ 14 მილიონი ლარი გამოყო. ასევე მდინარე ვერე გვირაბებში აღარ გაივლის და საგზაო მონაკვეთები ხიდის მეშვეობით დაუკავშირდება ერთმანეთს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები