“საქართველო მიზანს უფრო მარტივად მიაღწევს, რაც უფრო მეტ მსგავს არაადეკვატურ ქმედებას განახორციელებს რუსეთი”
„საქართველო, საბოლოო ჯამში, თავის მიზანს უფრო მარტივად მიაღწევს, რაც უფრო მეტ მსგავს არაადეკვატურ ქმედებას განახორციელებს რუსეთი“, – აღნიშნული შეფასება თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა ჟურნალისტებს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, გორის რაიონის სოფელ წითელუბნისა და ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისი-გორის ცენტრალური ავტომაგისტრალის სიახლოვეს ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების დამონტაჟებასთან დაკავშირებით გააკეთა.
მინისტრის შეფასებით, ის, რაც საოკუპაციო ხაზთან მიმდინარეობს, არის მცოცავი ანექსიაa და ოკუპაციის გაგრძელება, რაც საქართველოში 90-იანი წლებიდან დაიწყო.
“პროცესი სამწუხაროა, ძალიან მძიმეა, თუმცა საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს თავის ძალიან მყარ, მკვეთრ, მიზანმიმართულ პოლიტიკას იმისათვის, რომ ჩვენ უფრო მარტივად მივიდეთ საბოლოო მიზნამდე საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად. ჩვენ თუ არ ვიქნებით იმ საერთო დღის წესრიგის ნაწილი, რომლითაც დღეს მსოფლიო ელაპარაკება რუსეთს, არაფერი არ გამოვა“,-განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ ასეთი ქმედებები წყალს რუსეთის წისქვილზე ნამდვილად არ ასხამს. ხიდაშელი დარწმუნებულია, რომ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციისგან პასუხი ადეკვატური იქნება.