თსუ-ს ჟურნალისტებმა სტიქიით დაზარალებულთათვის საქველმოქმედო ღონისძიება გამართეს
ტელევიზია „ერთსულოვნების“ დარბაზში 13 ივნისს დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად ღონისძიება: „ყველა ქართველი 13+“ გაიმართა.
ღონისძიება თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტების ინიციატივით გაიმართა.
როგორც პროფესორმა თამარ ბელქანიამ “კვირას” განუცხადა, სტუდენტების მიერ წარმოდგენილი ღონისძიება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველოში ყოველთვის იყო კულტურა სოლიდარობისა, ქველმოქმედებისა და თანადგომისა.
“საქართველოში ყოველთვის იყო იმის კულტურა, რასაც ქველმოქმედება და ჭირსა თუ ლხინში გევრდში დგომა ჰქვია. შესაბამისად, არც მიკვრის, რომ ჩვენმა შემდგომმა თაობამ, ახალგაზრდობამ ინიციატივა საკუთარ ხელში აიღო და დღევანდელი ღონისძიებაც ამის დასტურია. „ყველა ქართველი 13+“ ნიშნავს, რომ გვერდში დავუდგეთ ადამიანებს, რომლებმაც ძალიან დიდი ტრაგედია გადაიტანეს 13 ივნისს და ორ დღეში ერთი თვე გავა ამ დღიდან. აქ არის ფოტოგამოფენა, აქ არის ნახატების გამოფენა, არის ძალიან საინტერესო ორნაწილიანი კონცერტი. ყველაფრის ორგანიზატორები ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტები არიან. იმედი მაქვს, შეგროვდება ფული, რომელსაც ჩვენი მომავალი თაობა გადარიცხავს საერთო ფონდში. ძალა ერთობაშია”, – განაცხადა თამარ ბელქანიამ.
ღონისძიებას, რომელიც 10 ივლისს, 17:00 საათზე დაიწყო, გოგა ჩანადირის ექსკლუზიური ფოტომასალისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა უსწრებდა წინ.
18:00 საათზე კი დაიწყო კონცერტი, რომელშიც ქართული ესტრადის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.
ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები : მარიამ ტყეშელაშვილი, მარიამ გვარამია, ანანო შარიქაძე,მარიამ ასათიანი, ნინო ტაბაღუა.
როგორც ორგანიზატორებმა განაცხადეს, შემოსული თანხა მთლიანად 13 ივნისის სტიქიით დაზარალებულთა ფონდში გადაირიცხება.
ღონისძიების საინფორმაციო მხარდამჭერები კი, საინფორმაციო – ანალიტიკური პორტალი kvira.ge, საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქალაქ თბილისის მერია, თბილისის საკრებულო, სარეკლამო კომპანიები „ვესტა“, „print studio”, საპატრიარქოს ახალგაზრული მოძრაობა „დავითიანნი“ , „ დელტა რედიოს“ . მობილური კავშირგაბმულობის კომპანიები : „მაგთი“, „ჯეოსელი“, „ბილაინი“.