მოსწავლეებმა ინფორმატიკის ოლიმპიადაზე ბრინჯაოს ორი მედალიც მოიპოვეს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ,,ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს“ მიერ დაფინანსებული დემირელის კოლეჯის XI კლასის მოსწავლე გიორგი სხირტლაძე ჩეხეთში გამართულ ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე ვერცხლის მედლით დაჯილდოვდა და საუკეთესო ხუთეულში შევიდა.

ქართველმა მოსწავლეებმა გარდა ვერცხლის მედლისა, ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე ბრინჯაოს ორი მედალიც მოიპოვეს. წარმატებას ვლადიმერ კომაროვის სახელობის N199 ფიზიკა-მათემატიკური სკოლის XII კლასის მოსწავლეებმა, ალექსანდრე ცხოვრებოვმა და ელენე მაჩაიძემ მიაღწიეს.

ინფორმატიკის დარგში ცენტრალური ევროპის რიგით 22-ე ოლიმპიადა, სადაც ქართველი ახალგაზრდები წელს პირველად მონაწილეობდნენ, 29 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით ჩეხეთში,  ბრნოში გაიმართა.

ოლიმპიადაში წელს, ასევე, პირველად მონაწილეობდა ქუთაისის ანდრია რაზმაძის სახ. 41-ე ფიზიკა-მათემატიკური საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე, ბაკურ ცუცხაშვილი. ოლიმპიადაზე სულ 4 ქართველი ახალგაზრდა წარდგა.

ოლიმპიადის პრიზიორებს დღეს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შეხვდა. მისი განცხადებით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ინფორმატიკის დარგში ცენტრალური ევროპის ოლიმპიადაზე ქართველმა მოსწავლეებმა უდიდეს წარმატებას მიაღწიეს და 15 ქვეყნიდან საქართველო საუკეთესო ხუთეულში მოხვდა.

ინფორმატიკის ცენტრალური ევროპის ოლიმპიადა ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო კონკურსია, რომელიც 1994 წლიდან ტარდება.

მსოფლიოს მასშტაბით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ოლიმპიადა კომპიუტერული პროგრამირებისა და ალგორითმების ორდღიანი ღონისძიებაა, რომელიც ინფორმატიკით დაინტერესებული საშუალო სკოლის მოსწავლეებისთვისაა განკუთვნილი.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ხელს უწყობს ნიჭიერ ახალგაზრდებს, რომ მათ თავი წარმოაჩინონ საერთაშორისო ასპარეზზე და აიმაღლონ კვალიფიკაცია მაღალი დონის კონკურსებში მონაწილეობის საფუძველზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები