დეპუტატები სტიქიის შედეგად დაზარალებულთა საცხოვრისით უზრუნველყოფის მიმდინარეობის პროცესს გაეცნენ

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, კოალიცია ,,ქართულ ოცნებაში“ შემავალი ფრაქციების წარმომადგენლები და ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატები 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა საცხოვრისით უზრუნველყოფის მიმდინარეობის პროცესს გაეცნენ.

დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრები თბილისის ქონების მართვის სააგენტოს უფროსს კარლო ლაფერაძეს, სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, ასევე ვაკის რაიონის გამგეობის წარმომადგენლებს შეხვდნენ და დეტალურად განიხილეს ის საკითხები, რომლებიც საკრებულოს მიერ მიღებული წესის შესაბამისად ხორციელდება.

საკრებულოს თავმჯდომარემ წარმოდგენილი წესის მნიშვნელობასა და უპრეცედენტობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სტიქიით მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესი მოქალაქეების ინტერესებზე მაქსიმალურადაა მორგებული.

,,დედაქალაქის საკრებულო სტიქიის პირველივე დღიდან მიმდინარე პროცესებში აქტიურად არის ჩართული და დაზარალებულ მოსახლეობას მაქსიმალურად უდგას მხარში. აღნიშნულის დადასტურება ,,2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა ფულადი დახმარების გაცემის’’ წესის შემუშავებაა, რომელიც თბილისის საკრებულომ და მერიამ ერთობლივად, ინტენსიური მუშაობის შედეგად მივიღეთ“,- განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.

როგორც საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ჯაბა სამუშიამ აღნიშნა, ანალოგიური მუშა-შეხვედრები პერმანენტულად გაიმართება, სადაც თითოეული დეტალი იქნება განხილული.

,,ვეცნობით, თუ როგორ მიმდინარეობს პროცესი იმ წესის შესაბამისად, რომელიც საკრებულომ დაადგინა. ასევე ვხდებით დაზარალებულ მოსახლეობას და ვმსჯელობთ შეფასების კრიტერიუმებზე. მოგეხსენებათ, მათი დახმარება პრიორიტეტების მიხედვით მიმდინარეობს, რაც შეეხება ქონების ღირებულებას, მას სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო სტიქიამდე არსებული ქონების საბაზრო ღირებულების მიხედვით ადგენს“,- განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

როგორც შეხევდრის მონაწილეებმა აღნიშნეს, სვანიძის ქუჩაზე დასრულებულია პირველი ეტაპი, ამ დროისათვის კი მიმდინარეობს წყნეთის ხევის უძრავი ქონების შეფასება.

,,შემიძლია ვთქვა, რომ პროცესი საკმაოდ ნორმალურ რეჟიმში მიმდინარეობს. კეთდება განაცხადები და რეალურად უკვე იწყება ადმინისტრაციული წარმოებები მათ დასაკმაყოფილებლად. ხდება შეთანხმებები როგორც მუნიციპალიტეტს, ისე დაზარალებულ პირებს შორის“,- განაცხადა კარლო ლაფერაძემ.

საკრებულოს დეპუტატები დღესვე დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდნენ და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულთათვის დახმარების გაცემის წესი თბილისის საკრებულომ 5 ივლისს დაამტკიცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები