თამარ ბერუჩაშვილი სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვნელს შეხვდა
საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან, ელჩთან კიასტუტის იანკაუსკასთან შეხვედრა გამართა.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ გამოხატა შეშფოთება რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, 10 ივლისს, გორის რაიონის სოფელ წითელუბნის და ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისი-გორის ცენტრალური ავტომაგისტრალის სიახლოვეს, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების უკანონოდ აღმართვის გამო.
ასევე აღინიშნა, რომ რუსეთის მხრიდან მორიგი პროვოკაცია წარმოადგენს მცოცავი ოკუპაციისა და ანექსიის პოლიტიკის ნაწილს და საქართველოს ოკუპირებული რეგიონების სრულ იზოლაციაში მოქცევას ისახავს მიზნად.
თავის მხრივ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მისია განაგრძობს ინტენსიურ პატრულირებას საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, შესაძლო ინციდენტებისა და მდგომარეობის ესკალაციის არდაშვების მიზნით.
აღნიშნულ კონტექსტში საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მისიის მნიშვნელობას და მისი მანდატის სრულად განხორციელების, ასევე ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის აუცილებლობას.