გრიგორი კარასინი: ორი თანამშრომლის გაგზავნის უფლებას საქართველო არ გვაძლევს
“ჩვენ არსებითად გავაფართოვეთ საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა, რომლებიც რუსეთში კერძო და საოჯახო საქმეების გამო შედიან”, – აღნიშნული განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა „რია ნოვოსტთან“ საუბრისას გააკეთა.
„ასევე გავაფართოვეთ ჰუმანიტარული, სპორტული, კულტურული და საქმიანი კონტაქტები. წელიწადში, საშუალოდ, 25 ათასი ვიზა ფორმდება. უფრო მეტიც გაიცემოდა, მაგრამ ჩვენი ინტერესების სექციაში თბილისში ძალიან მცირერიცხოვანი პერსონალი ფიზიკურად ვერ უმკლავდება დამატებითი მოცულობის სავიზო რეჟიმის სამუშაოებს. კიდევ ორი თანამშრომლის გაგზავნის უფლებას საქართველო არ გვაძლევს”, – განაცხადა კარასინმა.
2008 წლიდან რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში შუამავლობას შვეიცარიის საელჩო ახორციელებს, სადაც რუსეთის სექციაა გახსნილი.