უწმინდესმა მრევლს პეტრე-პავლობა მიულოცა და ერთმანეთის მხარდაჭერისკენ მოუწოდა
ჩვენ ერთმანეთის სიმძიმე უნდა ვიტვირთოთ – განსაკუთრებით დღეს, როცა ამდენი პრობლემებია ჩვენი ერის, ყოველი ადამიანის და ოჯახის წინაშე საქართველოს პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას მრევლს პეტრე და პავლე მოციქულების ხსენების დღე მოულოცა და ერთგულებისა და ერთმანეთის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. „ჩვენ ერთმანეთის სიმძიმე უნდა ვიტვირთოთ – განსაკუთრებით დღეს, როცა ამდენი პრობლემებია ჩვენი ერის, ყოველი ადამიანის და ოჯახის წინაშე“,-ბრძანა პატრიაქრმა.
უწმინდესმა ასევე პეტრესა და პავლე მოციქულების ცხოვრებაზეც ისაუბრა და განაცხადა, ისინი არიან ერისა და ეკლესიის ორი სვეტი. „პეტრე, რომელსაც ეწოდა ქვა, ააშენა ეკლესია კლდესა ზედა და ბრჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდნენ მას. პავლე მოციქული, რომელიც მოსეს რჯულის აღმსრულებელი და ქრისტიანთა მდევნელი იყო, წმინდა ეკლესიის უდიდესი მოძღვარი, უდიდესი მქადაგებელი გახდა. პავლე მოციქული ამბობს: – ურთიერთსიმძიმე იტვირთეთ და ესე აღასრულეთ რჯული ქრისტესი. ეს უნდა გვახსოვდეს.
ჩვენ ერთმანეთის სიმძიმე უნდა ვიტვირთოთ – განსაკუთრებით დღეს, როცა ამდენი პრობლემებია ჩვენი ერის, ყოველი ადამიანის და ოჯახის წინაშე. ჩვენ უნდა ვიყოთ ერთმანეთის მხარდამჭერები, ჩვენ უნდა ვიყოთ ერთმანეთის ერთგული. ძალიან ხშირია შემთხვევა, როცა ადამიანი ერთგულებას არღვევს და იმ ადამიანს, რომელმაც სიკეთე გაუკეთა, ღალატობს, ან ცუდით პასუხობს. წმინდა მოციქული პეტრე, რომელიც სარწმუნების, სიმტკიცის, ერთგულების მაგალითია, ისიც კი შეშინდა, მაგრამ თავისი ერთგულება დაამტკიცა იმით, რომ ჯვარს თავდაღმა ეცვა.
პეტრე მოციქულს თავი მოკვეთეს, როგორც რომის მოქალაქეს. ეს არის დღესასწაული, რომელიც გვაჩვენებს როგორ უნდა ვიცხოვროთ, როგორ უნდა ვიაროთ, სად უნდა დავინახოთ სიკეთე და სად ბოროტება. ეს ყველაფერი შესაძლებელია მხოლოდ იმით, როცა ადამიანს ღმერთი გაუხსნის გულს და გონებას”, – ბრძანა პატრიარქმა.
აღსანიშნავია, რომ ხვალ, 12 მოციქულის დღესასწაული და სვეტიცხოვლობა აღინიშნება. ილია მეორეს თქმით, დღეს, 19.00 საათზე, სვეტიცხოველში დაიწყება ლოცვა. ასევე ჩამოვა ჯგუფი, რომელმაც გამოირა გზა ფარავანის ტბიდან სვეტიცხოვლამდე.