თეა ლანჩავას ტაქტიკური სვლები ჭადრაკსა და ცხოვრებაში

თეა ლანჩავა ,- გოგონათა შორის მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში, ნიჭიერი ბავშვი პირველად ნონა გაფრინდაშვილმა აღმოაჩინა, საჭადრაკო ცხოვრებაში გზაც მან დაულოცა. მაგრამ 90 –იან წლებში იძულებული გახდა, საცხოვრებლად უცხოეთში გადასულიყო. იგი ქალების საერთაშორისო დიდოსტატისა და კაცების საერთაშორისო ოსტატის წოდების მფლობელია. 2007 წელს მისმა საჭადრაკო ტაქტიკამ და გონებამ ,,ცხოვრების დაფაზე“  გადაინაცვლა. ჰოლანდიის საბანკო და ფინანსური ბაზრის ფაკულტეტი დამთავრების შემდეგ რამდენიმე წელი KLM- ის დაახლოებით 7 მილიარდი ევროს ფასეულობის აქციების მქონე ფონდის მენეჯერად მუშაობდა. დღეს კი საკუთარ  ფირმაში  აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში ინვესტიციებისა და სხვადასხვა ფინანსური გადაწყვეტილების მრჩეველია.

ქალბატონო თეა, როგორ აღმოჩნდა პირველად წარმატებული ქართველი მოჭადრაკე გოგონა ჰოლანდიაში?
 – როგორც მოგეხსენებათ, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ სპორტისთვისაც მძიმე პერიოდი დადგა საქართველოში, ვგულისხმობ 92-93-94 წლებს, რომელიც ჩემი მსოფლიო ჩემპიონობის ტიტულის მოპოვების შემდეგი წლებია. 1988 და 1990 წელს 14 და 16- წლოვან გოგონათა შორის მსოფლიო ჩემპიონი გავხვდი. შემდეგი მსოფლიო პირველობა 91 წელს   საქართველომ შეგნებულად გამოტოვა, რომ რუსეთის სახელით არ გამოვსულიყავით. მოკლედ რომ გითხრათ, ამ შეწყვეტილი სეზონის შემდეგ ფინანსური სიტუაციაც უარესობისაკენ შეიცვალა. ამას დაემატა პირადი პრობლემებიც, რომელმაც გადამაწყვეტინა ჩემი ბედი საზღვარგარეთ მეძებნა და ტურნირები, რომლებიც აუცილებელი იყო შემდეგი წარმატებების მისაღწევად პირადად დამეფინანსებინა. ეს საქართველოში  ჩემთვის, სამწუხაროდ, შეუძლებელი იყო.
მოკლედ, 1995 წლის დასაწყისში მცირეოდენი თანხით გერმანიის მიმართულებით თვითმფრინავში ჩავჯექი. იქ გაცნობილმა სრულიად უცნობმა პიროვნებამ გერმანიის ერთ-ერთ პატარა სოფელში თავშესაფარიც გამომინახა, სადაც სხვა ქართველებიც იმყოფებოდნენ, იქ მალევე მოვახერხე საჭადრაკო კლუბთან კონტაქტის დამყარება და სამსახურში მოწყობა,  მაგრამ მალე ჰოლანდიელმა შეყვარებულმა ჩამომაკითხა, რომელმაც მაშინვე თავის ქვეყანაში  გადამიყვანა და ერთ წელიწადში ვიქორწინეთ კიდეც. გვყავს სტუდენტი ვაჟიშვილი, რომელიც ივნისში 18 წლის გახდება.
ჭადრაკის თამაში ვინ გასწავლათ?

10009528_1445395322364898_1413378337_n– ჭადრაკი 5 წლის ასაკში ვისწავლე, როცა დედისა და მამის თამაშს ვუყურებდი. მაშინ ქუთაისში ვცხოვრობდით და ჩემი პირველი საჭადრაკო ნაბიჯებიც ქუთაისის საჭადრაკო კლუბებში გადავდგი. 12 წლის ასაკში ერთ-ერთი სეანსის დროს ნონა გაფრინდაშვილმა აღმომაჩინა. ამ ადამიანმა შემდეგ უდიდესი როლი შეასრულა ჩემს ცხოვრებაში. მისი შუამდგომლობით, როცა 13 წლის ვიყავი, ჩემი ოჯახით თბილისში საცხოვრებლად გადმოგვიყვანეს. ოთხოთახიანი ბინა მოგვცეს და და ჩემი წვრთნაც თავის თავზე ქალბატონმა ნონამ აიღო.
თქვენ საერთაშორისო დიდოსტატი  ჭადრაკში და 14 წლამდე გოგონებში მსოფლიოს ჩემპიონი ხართ. გაიხსენეთ თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდი გამარჯვება
– დიახ, მართალია, მე მაქვს ქალების საერთაშორისო დიდოსტატის და კაცების საერთაშორისო ოსტატის წოდება, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ორჯერ გავხვდი მსოფლიო ჩემპიონი 14 და 16 წლამდე ასაკის გოგონათა შორის, ერთხელ – ვერცხლის მედლის მფლობელი 16 წლამდე ასაკის გოგონათა შორის.
მაშინ, მოგეხსენებათ, რუსეთის სახელით გამოვდიოდით, ჰოლანდიის სახელით ასპარეზობა 1996 წლიდან დავიწყე და ზემოთ ხსენებული ოსტატის წოდებებიც ჰოლანდიაში მომენიჭა. ვარ ევროპის ვიცე- ჩემპიონი ქალთა შორის, ოლიმპიური ნაკრების წევრი და ქალთა შორის ჰოლანდიის ჩემპიონიც. აქვე ვახსენებ, რომ 2007 წლიდან პროფესია შევიცვალე და საჭადრაკო ტურნირებში ასპარეზობა შევწყვიტე, თუმცა მინდა, დავძინო, რომ როცა  ევროპის ან ოლიმპიადის გუნდური თამაშის პერიოდი ახლოვდება,  უარს მაინც ვერ ვამბობ. ასე რომ, როგორც მოხალისეს, წელიწადში 2 ტურნირის თამაში მაინც გამომდის. ჩემი ცხოვრების ყველაზე სერიოზულ და განსაკუთრებულ გამარჯვებად მაინც ევროპის ვიცე – ჩემპიონობას ჩავთვლი.
ეს იყო 2007 წელს, სადაც მახლდა ჩემთვის ყველაზე განსაკუთრებული უკრაინელი მწვრთნელი, რომელიც ჰოლანდიის ფედერაციამ გამაყოლა, თუ რატომ გამოვარჩევ ამ გამარჯვებას, ამას ალბათ შემდეგი მონაყოლიდან მიხვდებით. ჩემპიონიც შემეძლო გავმხდარიყავი, მაგრამ  ბოლო ტურში ბრძოლა არ გადავწყვიტე, იმიტომ რომ ვხვდებოდი ქართველს, რაც ჰოლანდიაში ჩემი ცხოვრების მერე ყოველთვის მტკივნეული მომენტია. მე მაინც გადაწყვეტილი მქონდა, რომ იმ ტურნირის მერე პროფესიონალურ ჭადრაკს თავს დავანებებდი. რაც მთავარია, მსოფლიოს პირველობაზე თამაშის საგზური ვიცე – ჩემპიონობით უკვე განაღდებული მქონდა. ეს ტურნირი კიდევ იმით იყო გამორჩეული, რომ მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც 2008 წელს ქალაქ ნალჩიკში ჩატარდა, რუსეთის თავდასხმიდან  სულ 2-3 თვის შემდეგ  შედგა და მე არ შემეძლო, ჩემი ქვეყნისთვის სოლიდარობა არ გამომეცხადებინა. ამიტომ, ქართველი მოჭადრაკეების მსგავსად, უარი ვთქვი მსოფლიოს პირველობაში მონაწილეობაზე, მიუხედავად იმისა, ვიცოდი, ეს ჩემთვის ბოლო შანსი იყო, რომ მსოფლიოს პირველობაზე მეთამაშა. იმ გადაწყვეტილებას ახლაც დაუფიქრებლად მივიღებდი. 
ქალბატონო თეა, ჭადრაკი ცხოვრების ბრძნული თამაშია და ცხოვრებაში თუ გშველით ის, რომ ჭადრაკის დაფაზე დედოფალივით გრძნობთ თავს?
-ჭადრაკი ისევე რთულია, როგორც ცხოვრება, თუმცა, ამავე დროს, სავსეა უამრავი შესაძლებლობით. თუკი ბოლომდე იბრძოლებ, ზოგჯერ გამოუვალ სიტუაციაშიც კი, ისევე როგორც ცხოვრებაშიც,- სასურველ შედეგსაც მიაღწევ. აი, მაშინაც კი, როდესაც გგონია, რომ გამოსავალი არ არსებობს,- ის მაინც გამოჩნდება ხოლმე. ჭადრაკმა მასწავლა, რომ ცხოვრებაში გამოუვალი სიტუაცია არ არსებობს და მისი ცოდნა ხშირად დამხმარებია.   
რომელია, თქვენი საყვარელი სვლა,- ჭადრაკსა და ცხოვრებაშიც?1608532_1445395339031563_1130949774_n
– ძნელია, ჭადრაკში საყვარელი სვლა დაასახელო, მაგრამ არსებობს სხვადასხვა სტილი, რომელიც ყველა მოჭადრაკეს ახასიათებს, ჩემი ჭადრაკის სტილს უფრო ტაქტიკურს დავარქმევდი,- რაც აგრესიულსა და ორიგინალურ სტილთან უფრო ახლოა და ეს კი ჩემი პიროვნული სტილისაგან განსხვავდება.
ქალბატონო თეა, საქართველოში მოჭადრაკე ქალები არ უკვირთ, ჰოლანდიაში?
– სამწუხაროდ, ჰოლანდიაში ქალთა ჭადრაკი ძალიან მოიკოჭლებს, თუმცა მსოფლიოს ასპარეზობებზე საინტერესო შედეგებიც გვიჩვენებია, მაგალითად,როგორიც იყო ოლიმპიადაზე ხუთეულში მოხვედრა. გვაქვს საკმაოდ შეძლებული ფედერაციაც, მაგრამ აქაური ცხოვრების დონე იმდენად მაღალია, რომ მხოლოდ ჭადრაკში არსებული პრიზებით ქალი დამოუკიდებლად ვერ იცხოვრებს. ესეც გახდა იმის მიზეზი, რომ მე სხვა პროფესია ავირჩიე. 2007 წელს  ჰოლანდიის საბანკო და ფინანსური ბაზრის ფაკულტეტი დავამთავრე, რამდენიმე წელი ვმუშაობდი KLM-ის საპენსიო ფონდის, დაახლოებით 7 მილიარდი ევროს ფასეულობის აქციების მქონე ფონდის მენეჯერად, ორი წლის წინ ჩემი საკუთარი ფირმა კი დავაარსე და ამჯერად აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში ინვესტიციებისა და სხვადასხვა ფინანსური გადაწყვეტილებების მრჩეველი გახლავართ.
–  მამაკაცებთან თქვენი ყველაზე უჩვეულო მოგება და წაგება გაიხსენეთ
– უმეტესად მამაკაცებთან მითამაშია და, როგორც ავღნიშნე, მამაკაცებში საერთაშორისო ოსტატის წოდებაც მოვიპოვე. რაც შეეხება უჩვეულო წაგებასა და მოგებას: მიჭირს, გამოვარჩიო რომელიმე პარტია, მაგრამ  ერთი პარტია ჰოლანდიელ მოჭადრაკე კაცთან მოვიგე. სხვათა შორის, ეს პარტია რამდენიმე სტატიაში ქალების ერთ-ერთი სამაგალითო პარტიად დაასახელეს, რომ ქალსაც შეუძლია კაცურად ძლიერად და აგრესიულად თამაში და მანდილოსნის ადგილი მხოლოდ სამზარეულოში არ არის. რაც შეეხება წაგებას, ძალიან უჩვეულო წაგებას ვერ გამოვარჩევდი, ყველა წაგებას ერთნაირად მტკივნეულად განვიცდიდი.
– 
ქალბატონო თეა, როგორია, თქვენი დღევანდელი ცხოვრების ერთი დღე?10000298_1445395332364897_1982538856_n
– ჩემი რიგითი ყოველდღიური დღე ცოტა მოსაწყენი არის ხოლმე, რა თქმა უნდა, მაქვს საინტერესო შეხვედრებიც და საკმაო დროს ვუთმობ ფიზიკურ ვარჯიშსა და დედმამიშვილებსა და მეგობრებთან ურთიერთობას,  მაგრამ დღის უმეტეს ნაწილს მაინც კომპიუტერთან ვატარებ. ამ პროფესიაში შეუძლებელია, არ იყო ყოველ წუთში მიუწვდომელი, ხანდახან ღამითაც კი ვმუშაობ, როდესაც, მაგალითად, ისეთ შორეულ ქვეყნებთან, როგორიცაა, ავსტრალია ან ჩინეთი სასწრაფო კონტაქტია საჭირო.    
– 
მიუხედავად იმისა, რომ მრავალი წელია, უცხოეთში ცხოვრობთ, სულიერი კავშირი სამშობლოსთან არ გაგიწყვეტიათ..
– უკვე მეოცე წელი დაიწყო,  ჰოლანდიაში ვცხოვრობ და ვმოღვაწეობ, ჩემი დედმამიშვილები ყველანი ნიუ -იორკში ცხოვრობენ და მათთან ყოველწლიურად ჩავდივარ. სამწუხაროდ, იმისთვის, რომ საქართველოში ხშირად ჩამოვსულიყავი, ცოტა დრო მრჩებოდა. მაგრამ  მაინც ვახერხებ, რადგანაც ჩემს გულში მშობლიური მიწის ყივილს ვგრძნობ… ყველა სიზმარში საქართველოში ვარ, როდესაც სხვა ქვეყანაში ვიმყოფები და თვითმფრინავი ამსტერდამის აეროპორტში ეშვება,  ჩემს სიხარულს საზღვარი არა აქვს, მაგრამ ეს შეუდარებელი გრძნობაა იმასთან შედარებით, თუ რას განვიცდი, როცა თვითმფრინავი საქართველოს უახლოვდება… ახლაც კი, როდესაც ახალი შესაძლებლობები იჩენს თავს, ინვესტიციებით  დაინტერესებულ პირებს, პირველ რიგში, საქართველოში შესაძლებლობებზე ვესაუბრები ხოლმე, არასოდეს გამომირიცხია და არც გამოვრიცხავ, რომ საქართველოში დავბრუნდები, მაგრამ საამისოდ ჩემი საქმიანობისთვის ხელსაყრელ მომენტსა და შემოთავაზებას უნდა დაველოდო. მინდა, რომ საქართველოს რამეში გამოვადგე…

 

თეონა გოგნიაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები