„ახალი ზოოპარკის ტერიტორია, მოქმედი ზოოპარკის 9 ჰექტრის ნაცვლად, 47 ჰექტარი იქნება“

ახალი ზოოპარკისთვის თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია მოქმედი ზოოპარკის ტერიტორიას რამდენჯერმე აღემატება და ის 9 ჰექტრის ნაცვლად 47 ჰექტარი იქნება,- ამის შესახებ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ და ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მზია შარაშიძემ ისაუბრეს.
„ყველა იმ საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი და ექსპერტი, ვინც ჩამოდის, ათვალიერებს მომავალი ზოოპარკის ტერიტორიას და ძალიან მოსწონთ. ახლანდელი ზოოპარკი 9 ჰექტარია, ახალი ზოოპარკის ტერიტორია კი 47 ჰექტარი იქნება. ეს ტერიტორია თან ძალიან გამწვანებულია. ახალი ზოოპარკი დენდროლოგიური პარკის მიმდებარედ და დასასვენებლად შესანიშნავი ადგილია. რაც შეეხება ადგილდებარეობას, არ არის აუცილებელი ზოოპარკი იყოს ქალქის ცენტრში იმისთვის, რომ ყველამ შეძლოს ზოოპარკის სტუმრობა. ქალაქის შემოგარენიც ძალიან მჭიდროდ დასახლებულია და საკმაოდ ახლოსაა“,- აღნიშნა მზია შარაშიძემ.
რაც შეეხება ზოოპარკის თანხებსა და პროექტს, გურიელიძის განმარტებით, ახალი ზოოპარკი დაახლოებით 50-60 მილიონ დოლარამდე დაჯდება, მის ასაგებად კი ირლანდიელი სპეციალისტების მიერ მომზადებული კონცეფცია იქნება გამოყენებული.
„ახალი ზოოპარკის ასაშენებელი თანხები ჯამში ალბათ 50- 60 მილიონს არ აღემატება. რაც შეეხება მის პროექტს, რამდენიმე პროექტი მომზადდა, მათ შორის ერთი რამდენიმე წლის წინ მერიის მიერ მოწვეული სპეციალისტების მიერ. სწორედ ეს პროექტი, რომელსაც ირლანდიური კომპანიის „არუფ ჰასელის“ მიერ მომზადებული კონცეფცია ექნება საფუძვლად, გაცილებით იაფიცაა და ჩვენს პირობებსაც უფრო შეესაბამება“,- აღნიშნა ზურაბ გურიელიძემ.
ზოოპარკის დირექტორის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ჩქარობენ, არ შეიძლება ახალი ზოოპარკი ქაოსურად აშენდეს. მისი თქმით, ამ დროისთვის ზოოპარკისთვის გენერალური გეგმის და კოლექციის გეგმა მუშავდება, რაც ზოოპარკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
„ კოლექციის გეგმა ის ძირითადი დოკუმენტია, რომლითაც ვოლიერების განაწილება ხდება. 17- ში ეაზას წარმომადგენელი, ჩვენი მენტორი მარიო ჰოდენეკერი ჩამოდის და სწორედ მასთან ერთად გავივლით კოლექციის გეგმას. ახალი ზოოპარკისთვის ფინანსური მხარე ჯერ მოგვარებული არ არის, ჩვენ და თბილისის მერია სხვადასხვა დონორთან და დასაფინანსებელი წინადადებების მომზადებაზე ვმუშაობთ, დაფინანსებული ჯერ არც ერთი არ არის“.
რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ზოოპარკის დახმარების სურვილს, ზურაბ გურიელიძის განმარტებით, ეს ინფორმაცია ზოოპარკამდე მედიის საშუალებით მივიდა, თუმცა ამ დრომდე რაიმე კონკრეტული წინადადებით მას არავინ დაკავშირებია.
რაც შეეხება ძველ ზოოპარკს, გურიელიძის თქმით, ზოოპარკიდან ლაფის და ტალახის ძირითადი ნაწილის გატანა უკვე დასრულებულია, თუმცა, მისი თქმით, დარჩენილია ბევრი სამუშაო, ისეთები, როგორიცაა შენობების, ვოლიერების და მისასვლელი გაწმენდა – აღდგენა. სამუშაოებზე, ძირითადად, ზოოპარკის თანამშრომლები მუშაობენ, თუმცა, გურიელიძის განცხადებით, მათ აქტიურად ეხმარებიან მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები, მხარში უდგას „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერიც“. გურიელიძის განცხადებით, ძველი ზოოპარკის ის ნაწილი, რომელიც გადარჩა, სავარაუდოდ, პირველ სექტემბრამდე გაიხსნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები