ტარიელ ხეჩიკაშვილი: ასეთი ინციდენტები ვერ გააფუჭებენ წლობით ჩამოყალიბებულ ურთიერთობებს
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი „გაბალა”-“დინამოს” თამაშზე მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.
მისი განცხადებით, სამწუხაროა, რომ პროვოკატორები ცდილობენ, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები გააფუჭონ.
„დარწმუნებული ვარ, რომ აზერბაიჯანელები და ქართველები ძალიან დიდი პატივისცემით არიან ერთმანეთის მიმართ და ასეთი ინციდენტები ვერ გააფუჭებენ იმ წლობით ჩამოყალიბებულ ურთიერთობებს. ძალიან ცუდია, რომ ასეთი პროვოკატორები ცდილობენ, გააფუჭონ ეს ურთიერთობები“,- განაცხადა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანის ქალაქ გაბალაში, ადგილობრივ “გაბალასა” და თბილისის “დინამოს” გუშინდელ მატჩზე აზერბაიჯანელმა გულშემატკივრებმა ქართული დროშა დაწვეს და საქართველოს დროშაზე ფეხით დადგნენ.
მანამდე კი, სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ საფეხბურთო მატჩზე მისულ აზერბაიჯანელ გულშემატკივართა ერთ ჯგუფს ჰქონდა პლაკატები ინგლისურ და აზერბაიჯანულ ენებზე: „Burchali is ancient Azerbaijan land“ (“ბორჩალო უძველესი აზერბაიჯანული მიწაა”); „Sarvan no Marneuli“, „Bostandere No Rustavi“ და „Choruk Gemerli! No Bolnisi!“. გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ მატჩზე მისულ გულშემატკივრებს ეს პლაკატები პოლიციამ ჩამოართვა.
გულშემატკივრები აღნიშნულ ფაქტს 2 ივლისს, საქართველოში, “დინამო“ თბილისი -“გაბალას” თამაშის დროს მომხდარ შემთხვევას უკავშირებენ, რომლის დროსაც ქართველმა გულშემატკივარებმა გამოფინეს პლაკატი წარწერით : “ჩვენ გვახსოვს ზაქათალა, კახი, 1921″.