ყოველწლიურად 2500-მდე სტუდენტი მდინარეების მართვას შეისწავლის
ძალიან საინტერესო პროექტი ხორციელდება. ეს არის საქართველოში არსებული მდინარეების მართვა და მისი შესწავლა, – ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი წყლის რესურსების მართვის ქართულ-ავსტრიულ უნიკალურ პროექტს იწყებს.
პროექტის ფარგლებში, ჰიდრავლიკური და ჰიდროტექნიკური კვლევების ლაბორატორია ამოქმედდება.
როგორც ენერგეტიკის სამინისროში აცხადებენ, ადგილობრივი ენერგეტიკული რესურსების ეფექტური ათვისება, ინფრასტუქტურული პროექტები და სოფლის მეურნეობის ეფექტური განვითარება მეცნიერულად დასაბუთებულ, მაღალპროფესიულ დონეზე მიღებულ გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული. სწორედ ამ მიზნით, ამოქმედდება ლაბორატორია, რომლის საქმიანობა მსოფლიო გამოცდილებაზე, უახლეს მეცნიერულ მიღწევებსა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკზე იქნება დაფუძნებული. გამოყენებული იქნება თანამედროვე გამოთვლითი სიმულიაციური მეთოდები, ფიზიკური მოდელირება და ნატურული დაკვირვებები. ლაბორატორიაში სამუშაოდ მოწვეულნი იქნებიან სპეციალისტები ავსტრიიდან, იტალიიდან და შვეიცარიიდან.
ლაბარატორია აღჭურვილი იქნება უახლესი ტექნოლოგიებითა და აპარატურით. მას ექნება 3 გამოკვეთილი ფუნქცია: სწავლება, კვლევები და საკონსულტაციო მომსახურება. სწავლება მოხდება საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.
ლაბორატორია იმუშავებს წყლის რესურსების მართვის სტრატეგიის ჩამოყალიბებაზე, ჰიდროტექნიკური და ინფრასტრუქტურული ნაგებობებით გარემოზე ზემოქმედების რისკებისა და მოსალოდნელი შედეგების შესწავლა და ანალიზზე. მათი თავიდან აცილებისა და მართვის მეცნიერული საფუძვლების შექმნაზე. გარდა ამისა, ლაბორატორია პროექტირების, მშენებლობისა და ექსპლუატაციის ეტაპებზე, აღნიშნული სფეროებით დაინტერესებულ ინვესტორებს საკონსულტაციო მომსახურებას გაუწევს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ისეთი მსხვილი პროექტების გახორციელებისას, როგორებიც არის ავტობანი, ანაკლიის პორტი, ხუდონჰესი, ნენსკრაჰესი და სხვა.
პროექტის მიზნები და ამოცანები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა დღეს, ვიცე-პრემიერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს; ვიცე-პრემიერს, ენერგეტიკის მინისტრს კახა კალაძეს; ფინანსთა მინისტრს ნოდარ ხადურსა და გარემოსა და ბუნებრივი რესურესების დაცვის მინისტრს გიგლა აგულაშვილს გააცნეს.