ირაკლი ღარიბაშვილი: “ახალი თბილისი” საჩუქარია ჩვენი სპორტსმენებისთვის
ასეთი კომპლექსი ჩვენს ქვეყანაში არ ყოფილა, არ არის და ეს კომპლექსი გახდება ბაზა ჩვენი სპორტსმენებისთვის, – ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ახალი სპორტული კომპლექსი “ახალი თბილისი”, რომელიც დღეს დიღმის ტერიტორიაზე ოფიციალურად გახსნა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, “ახალი თბილისი” , თავისი ინფრასტრუქტურით, მომავალშიც შეძლებს სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლოს.
“ოლიმპიადისთვის აშენებული სპორტული კომპლექსები და ეს ინფრასტრუქტურა სრულად გვაძლევს შესაძლებლობას, არა მარტო ღირსეულად დავხვდეთ ჩვენს სტუმრებს, არამედ მომავალში უზრუნველვყოფთ სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირების გამართვა ჩვენს ქვეყანაში. ასეთი კომპლექსი ჩვენს ქვეყანაში არ ყოფილა და არ არის. ეს კომპლექსი გახდება ბაზა ჩვენი სპორტსმენებისთვის. ეს არის საჩუქარი მათთვის, ჩვენი სპორტსმენებისთვის, ჩვენი ჩემპიონებისთვის, რომლებიც მუდამ სიამაყით ავსებენ ჩვენს გულებს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერმა ასევე მადლობა გადაუხადა ევროპის ოლიმპიურ კომიტეტს – საქართველოსთვის გამოცხადებული ნდობისთვის, ქალაქ თბილისის მერიას, სპორტის სამინისტროს, საორგანიზაციო კომიტეტს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო წინა საოლიმპიადე საქმიანობაში.
ასევე, პრემიერმა დასკვნით სიტყვაში, კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ახალგაზრდული ოლიმპიადის საქართველოში ჩატარების მნიშვნელობას.
“მინდა, მადლობა გადავუხადო ევროპის ოლიმპიურ კომიტეტს, ჩვენი ქვეყნისთვის გამოცხადებული ნდობისთვის, ქალაქ თბილისის მერიას, სპორტის სამინისტროს, საორგანიზაციო კომიტეტს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო, რომელმაც 24 საათის განმავლობაში, გარწმუნებთ, იმუშავა მუხლჩაუხრელად. იმუშავა იმისთვის, რომ დღეს ეს ობიექტები გაგვეხსნა და იმისთვის, რომ ჩვენ ღირსეულად დავხვდეთ 4 ათას სპორტსმენს ევროპის 50 ქვეყნიდან. ეს არის ამ ფესტივალის მნიშვნელობა, ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, რომ ჩვენი ქვეყანა კიდევ ერთხელ ღირსეულად წარმოჩინდეს მთელ მსოფლიოში”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.