მუხრან მაჭავარიანის ქუჩაზე საავტომობილო გზა გადაიკეტება

თბილისის მერიის ინფორმაციით, 10 ივლისიდან გზის მონაკვეთის რეაბილიტაციის მიზნით, მუხრან მაჭავარიანის ქუჩაზე საავტომობილო გზა დაიკეტება. მათივე ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებამდე მოსახლეობა სპეციალურად გაკეთებული შემოვლითი გზით ისარგებლებს.

როგორც საბურთალოს გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ განაცხადა, მუხრან მაჭავარიანის ქუჩა ქალაქის ცენტრალურ უბანში მოძრაობის ერთ-ერთი განმტვირთავი მარშრუტია და მისი დაკეტვა თბილისის ისედაც გადატვირთულ ქუჩებში არსებულ მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებდა. სწორედ ამიტომ, საბურთალოს რაიონის გამგეობის დავალებით, მომზადდა პროექტი, რომლის მიხედვით, საავტომობილო მოძრაობა რეაბილიტაციის პროექტის დასრულებამდე შემოვლით გზაზე გადაინაცვლებს, გზის მოწყობა კი თითქმის დასრულებულია.

მისივე თქმით, კონტრაქტორი კომპანია სრული დატვირთვით იმუშავებს, რათა დაზიანებული გზის შეკეთება, რაც შეიძლება მალე დასრულდეს და მოქალაქეებმა უსაფრთხოდ გადაადგილება შეძლონ. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე სამუშაოები აგვისტოს ბოლოს დასრულდება.

„112-ის მიმდებარედ დაზიანებული გზის მონაკვეთის რეაბილიტაციის მიზნით, 10 ივლისიდან მუხრან მაჭავარიანის ქუჩაზე საავტომობილო გზა დაიკეტება. 112-ის მართვის ცენტრის მიმდებარედ არსებული გზის ეს მონაკვეთი ივნისში მოსული, ჭარბი ნალექის დროს დაზიანდა და მისი ნგრევის თავიდან აცილების მიზნით, საჭირო გახდა გზის სასწრაფო რეაბილიტაცია“,-აცხადებენ მერიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები